გამოცდის შედეგის გასაჩივრება

   სანამ უშუალოდ გამოცდის შედეგის გასაჩივრებასა და “უსამართლოდ დაკლებული ქულების” მომატებაზე ვისაუბრებთ, რამდენიმე სიტყვით მინდა განვიხილო სტუდენტთა ნაშრომების შეფასების ეტაპები და ვადები. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე მარტივად არის შესაძლებელი იწინასწარმეტყველოთ, როდის დაიდება თქვენ მიერ აწუკვე დაწერილი გამოცდების შედეგები. 

საგამოცდო ნაშრომების გასწორება:

    საგამოცდო ცენტრი ვალდებულია გამოცდის ჩატარებიდან მომდევნო სამუშაო დღეს საგამოცდო ნაშრომები მიაწოდოს შესაბამის საგანმანათლებლო ერთეულის უფლებამოსილ თანამშრომელს.
    აკადემიური პერსონალი ვალდებულია გამოცდის ჩატარებიდან მომდევნო დღეს ფაკულტეტის უფლებამოსილი პირისგან ჩაიბაროს საგამოცდო ნაშრომები შესაფასებლად, შეაფასოს ისინი მიღებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში და მეექვსე დღეს წარადგინოს ფაკულტეტის უფლებამოსილ პირთან.
    საგამოცდო ცენტრი ვალდებულია შეფასებული ნაშრომები ჩაიბაროს ფაკულტეტის უფლებამოსილი პირისგან და ნაშრომების მიღებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში გამოცდების შედეგები დააფიქსიროს სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში.

საგამოცდო ნაშრომების გაცნობა და გასაჩივრება:

    სტუდენტი უფლებამოსილია შედეგის გამოქვეყნებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მიმართოს საგამოცდო ცენტრს (ელექტრონული ბაზის საშუალებით – sms.tsu.ge) და მოითხოვოს ნაშრომის გაცნობა და შედეგების გადასინჯვა.

საგამოცდო ცენტრი საჩივრის მიღების ვადის ამოწურვიდან 2 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს:

  • სტუდენტისთვის თავისი ნაშრომის გაცნობას; (sms.tsu.ge-ზე თქვენს ანკეტაში მითითებულ ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინებით გამოგიგზავნიან აპელაციის თარიღს.)

    აპელაციაზე გამოცხადდებით თსუ–ის საგამოცდო ცენტრში (ბიბლიოთეკის შენობაში), სადაც გაეცნობით თქვენს ნაშრომს და თუ ჩათვლით, რომ შეფასება არ არის ნაშრომის შესაბამისი, შეგიძლიათ გაასაჩივროთ. (როგორც წესი, ლექტორები არავის ‘აკლებენ’ ქულებს, უბრალოდ 100–150 ნაშრომის გასწორებისას შესაძლებელია რამე გამოეპაროთ, მაგალითად დაჯამებისას. რა თქმა უნდა, ქულა მოგემატებათ, თუ ნაშრომი მართლაც შეესაბამება უფრო მაღალ ქულას, ვიდრე პირველ ჯერზე შეფასდა.)

  • შემდეგ საგამოცდო ცენტრი უზრუნველყოფს შესაბამისი კათედრებისთვის  იმ სტუდენტთა დაშიფრული ნაშრომების გადაგზავნას, რომლებიც არ ეთანხმებიან გამოცდაზე მიღებულ შეფასებას და მოითხოვენ შედეგების გადასინჯვას.
  • ფაკულტეტის უფლებამოსილი თანამშორმელი ვალდებულია ერთი სამუშაო დღის განმავლობაში გასასწორებლად გადასცეს ისინი სააპელაციო კომისიას/ლექტორს, რომელიც, თავის მხრივ, 2 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს აპელაციის დასკვნის მიწოდებას ფაკულტეტის უფლებამოსილი თანამშრომლისათვის.
  • ფაკულტეტის უფლებამოსილი თანამშორმელი ერთ სამუშაო დღეში ნაშრომის ასლს უბრუნებს საგამოცდო ცენტრს.

    აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ ნაშრომის ასლი, აპელაციის დასკვნასთან ერთად, უბრუნდება საგამოცდო ცენტრს, რომელიც შედეგს აფიქსირებს სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში.

    გაითვალისწინეთ, რომ იმ გამოცდის შედეგის გასაჩივრებას, რომელიც სრულად ტესტური ფორმატით ტარდება, როგორც წესი, აზრი არ აქვს გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტესტის პასუხი არასწორადაა დაფიქსირებული საგამოცდო პროგრამაში ტექნიკური ხარვეზის გამო.

ნებისმიერი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში დააკომენტარეთ ბლოგზე ან დამიკავშირდით FB გვერდზე. წარმატებას გისურვებთ!