რას ვურჩევდი პირველკურსელ მე-ს

კეთილი, დღე მშვიდობისა, ამ შედევრის მკითხველნო, დიდო თუ პატარა, სტუდენტო თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა, ყველას მოგესალმებით.

ეს ბლოგი ეხება იმას, თუ რას ურჩევდა ჩემი მესამეკურსელი თავი ახალჩაბარებულ, პირველკურსელ მე-ს. ესე იგი, ვინაიდან და რადგანაც, მესამე კურსზე ვარ, ვთვლი, რომ შემიძლია დავაკვალიანო პირველკურსელი პინგვინები. მრავალჭირნახული სტუდენტი ვარ და ამ ჭირის 70% პირველ კურსზე მოვიდა.

რა მოსდევს იმას, რომ უნივერსიტეტში აბარებთ? ერთი საფეხურიდან გადადიხართ მეორეზე, აღარ ხართ აბიტურიენტი, სტუდენტი გახდით, და მით უკეთესი, თუ დედა-უნივერსიტეტის სტუდენტი გქვიათ. ჩააბარეთ და სახლში ისმის ასეთი შეძახილები : “დედაააა, ჩავაბარეეე!!!” “მამა, ჩავაბარე, სანაძლეო წააგე, ველოდები ჩაბარებას” კივილი-წივილი, ვიღაცას გული წაუვიდა, ბებო “კაპლებს” სვამს– ჩააბარა, ამ შობელძაღლმა, ჰო ვამბობდიო და იმავე კაპლებით გადადის მეზობელ ქალთან, რომ ახალი ამბავი ახაროს, ან გული გაუხეთქოს, იმის ბიჭი ჰო ჩაიჭრა შარშან… ნუ, მოკლედ, რას გაიგებ… ეს ალიაქოთი რომ მიწყნარდება, ზიხარ შენთვის, ფიქრობ – და ახლა რა? სკოლაში დედამ მიმიყვანა – პატარა ვიყავი, აბიტურიენტი რაღაც თავისთავად გავხდი, განა მეკითხებოდა ვინმე რამეს, ეს სტუდენტიც შემთხვევით ვარ აშკარად, ახლა რა უნდა ვქნა? ზიხარ და ფიქრობ…

აი, რას გეტყოდი მე შენ რა უნდა გექნა: იპოვე ადამიანი, რომელიც ადრე თსუ-ში სწავლობდა ან ახლა სწავლობს, რათა მან გაგარკვიოს რაღაც დეტალებში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია – საგნების არჩევის წესში.

ჩვენი გვერდია sms.tsu.ge აქ გვიდევს ცხრილი, აქ იდება ქულები, სილაბუსები და კიდე რაღაცები, რაც შეიძლება არც არასდროს დაგჭირდეთ და ვერც გაიგოთ რა ხდება აქ, მაგრამ მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ამ საიტიდან ვირჩევთ საგნებს, დანიშნულ დროს. ღმერთმა იცის, თუ რამდენმა სტუდენტმა რა ეპითეტებით შეამკო ჩვენი საყვარელი საიტი და მომავალში რამდენ რაღაცას მოუფიქრებს კიდე. ყველაზე მეტი კი ჩვენ საყვარელ საიტს ხვდება საგნების არჩევის დროს. პირველკურსელ მე-ს რომ ვიცნობდე ვეტყოდი: “ნათია, აქ ყველაფერი დასწრებაზეა, საგანი, ლექტორი, დრო, რასაც ხედავ, ყველაფერს დააკლიკე და აირჩიე, არ აქვს მნიშვნელობა რაა, უბრალოდ აირჩიე უსაგნოდ რო არ დარჩე.” ეეჰ… სამწუხაროდ, ეგ არავინ მითხრა.

საგნების არჩევის დროს თსუ-ელი ვერ ცნობს დედას, არ ახსოვს მამის სახელი და თუ შვილი ყავს, მაგას ხელში არ აიყვანს სულ რომ შუაზე გასკდეს ტირილისგან. სასუნთქი გზები ეკეტება, გული არ ცემს, სისხლი იყინება, ტვინის ერთი უჯრედი მუშაობს მხოლოდ, რომელიც პასუხისმგებელია ხელი გაამოძრავოს მაუსზე და დააკლიკოს “არჩევა”. სამ წუთში, როცა გონს მოხვალ ითხოვ წყალს, ბებო აქვეა წნევის აპარატით, თავისი სახელგანთქმული კაპლებით და ნიშადურის სპირტით, ისე უმოძრაოდ ვზივარ ხოლმე, ბებოს ჰგონია გავშტერდი  ან  გული წამივიდა, მაგრამ სისხლი რომ გამეყინა, მას მერე მყარად სკამის ფორმა მივიღე. სამ წუთში გონს მოდიხარ და აანალიზებ გიკავია ოცნების ცხრილი ხელში თუ არა. გული არ გაიტეხო, თუ ვერ მოახერხე, მომავალ სემესტრში კიდევ სცდი ბედს, ასეთი შესაძლებლობა მომავალი 4 წლის განმავლობაში 8–ჯერ მაინც გექნება და ოდესმე მოახერხებ.

პირველკურსელ მე-ს დეტალურად ავუხსნიდი თუ რა ხდება საგნების არჩევის დროს, რა და როგორ უნდა ქნას, რომ საგნების არჩევის რიტუალი წარმატებულად დასრულდეს. სამწუხაროდ, პირველკურსელს ასეთი დამხმარე არ მყავდა და იმიტომ ვიჯექი კომპიუტერს მიშტერებული და საერთოდ ვერ ვხვდებოდი, რას ითხოვდა ეს სისტემა ჩემგან, რატომ არ მქონდა ცხრილი, რატომ მიწერდა ყველა საგანი ყოველ დაკლიკვაზე “ყველა ადგილი შევსებულია”… აქ იყო შოკი, პანიკა, ისტერიკა… ზუსტად პირველად ამ დღეს დავლიე ბებოს კაპლი, გამისინჯეს წნევა და შემასხეს წყალი. ნაკურთხი წყალი იყო ალბათ… ეშმაკების განსადევნად…

ანუ რჩევა №1 : იპოვეთ ადამიანი,რომელიც გაგარკვევთ საგნების არჩევის სისტემაში. ეს მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ იმისათვის, რომ ფსიქიკა არ შეგერყეთ, არამედ იმიტომაც, რომ ზოგიერთი საგანი აუცილებლად პირველ კურსზე უნდა გაიაროთ, რათა შემდეგში პრობლემები არ შეგექმნათ.

რჩევა №2 : ისწავლე ყველაფერი თავის დროზე!  

მახსოვს, სკოლაში და აბიტურიენტობის დროს მასწავლებლები სწავლით გადაღლილ ბავშვებს (ჰო, რა თქმა უნდა, რაც 12 წლის განმავლობაში არ გვისწავლია, ახლა მოგვინდა) ხშირად გვეუბნებოდნენ, ცოტაც მოითმინეთო, ეს ერთი წელიც მოითმინეთ და მოისვენებთ მერეო, უფრო მეტი თავისუფალი დრო გექნებათ და მოისვენებთო. ჰოდა, მოვისვენე მეც, მთელი პირველი სემესტრი ვისვენებდი და როგორც კი მოვიდა პირველი შუალედური გამოცდები, მივხვდი, რომ მწარედ მატყუებდნენ, ეს თუ მოსვენება იყო, დაღლა რაღა იქნებოდა? მასწვლებლები უბრალოდ გვამშვიდებნენ, აბა ხომ არ გვეტყოდნენ, რომ უახლოეს 4 წელიწადში მთელი აბიტუროენტობა მიმიქარავს ისეთი დაღლა გვექნებოდა. ჩვენზე იზრუნეს და მოგვცეს უფლება, ცოტაც გვეოცნება თავისუფალ დროზე და დასვენებაზე.

ანუ, შემდეგი რჩევაა, არ მიიტანოთ სასწავლი ბოლო დღემდე, ერთ ღამეში არაფერი ისწავლება, სულ რომ ბიდონი ყავა ამოცალო, მაინც დაგეძინება, და წუწუნში უფრო მეტ დროს გაატარებ, ვიდრე სწავლაში. თუმცა, ვის ვატყუებ, მაინც ასე იზამს ყველა…

რჩევა №3 გაარკვიე რა ტრანსპორტი დადის სასურველ კორპუსამდე.

თუ თბილისში არ ხარ გაზრდილი ან ადრე მაინც ხშირად არ სტუმრობდი დედაქალაქს, გაარკვიე, თუ რა ტრანსპორტი გაწყობს სახლიდან უნივერსიტეტამდე, რომ უპრობლემოდ მიხვიდე. მახსოვს, ერთხელ რუსთაველიდან 150 ნომერ ავტობუსს გამოვყევი, არადა ლექცია მეორე კორპუსში მქონდა და არა მაღლივ-განივში. 140, 150 რამ გაყო არა?.. იმ დღეს ლექციებზე ვერ წავედი…

რჩევა №4 : გამოცდამდე ერთი საათით ადრე მაინც გამოდი სახლიდან. 

თუ მუხიანში ცხოვრობ, საათ–ნახევრით ადრე… არასდროს იცი, როდის გაფუჭდება ავტობუსი, “მარშრუტკა” ან ტაქსს ბორბალი გაუსკდება.

მივდივარ გამოცდაზე, დანიშნულ დრომდე ნახევარი საათია დარჩენილი და გამოვყვები 13 ნომერ ავტობუს დელისიდან. ყველაზე სწრაფი გზაა დელისიდან მაღლივამდე. არანიაირი უბედურების მომასწავლებელი ნიშანი არ არსებობდა, ვზივარ არავის ვაწუხებ (გარდა გვერდზე მჯდომი ბიჭისა, ქსეროქსები და კონსპექტები დავაყარე, პასტებიც, ალბათ, ვიმეორებდი რაღაცას, ძალით არ მიქნია) ბაც, და ავტობუსი გაჩერდა. მძღოლი ჩავიდა-ამოვიდა, გაიარ-გამოიარა და ბოლოს ჩაბრძანდით ყველანი ავტობუსი გაფუჭდაო. გამოცდამდე დარჩენილია 15 წუთი… ადრენალინმა სისხლში იფეთქა და 10 წუთში მაღლივში ვიყავი ფეხით, მაგრამ შიში მაინც ვჭამე…

გამოცდაზე მიდი ადრე!!! ადრე ამდაგრსა კურდღელსა, ვერ დაეწევა მწევარიო, ჰო გაგიგია? რა შუაშია არ ვიცი, მაგრამ იყოს.

რჩევა №5 : ზამთარში თბილად ჩაიცვი!!! 

ჩვენი კორპუსებიდან (მესამე წელია ვსწავლობ და დღემდე არ ვიცი რამდენი გვაქვს ბოლო-ბოლო) ნორმალურად თბება მხოლოდ პირველი, მესამე და განივი. პირველი, კარგი, პირველია რაც არ უნდა იყოს, გასაგებია ყველაფერი, მესამე პატარაა – ადვილად თბება, განივმა რით დაიმსახურა ?.. ამოუცნობია…

ანუ ჩაიცვი თბილად: შალის წინდა, ბებოს ნაქსოვი ჯემპრი, ქურთუკი, ქუდი, კაშნე. მაღლივში თუ მიდიხარ, ბალასტი წაიღე, ბევრი წიგნი ჩაიყარე ჩანთაში. გჭირდება, არ გჭირდება – ყველაფერი ჩაიდე, ქარმა არ წაგიღოს.

რჩევა №6 : განივში ფრთხილად! 

განივში შესვლისთანავე ხარ მესამე სართულზე და არასდროს არ შეუხვიო ხელმარჯვნივ. განივში დაკარგვას ვერ აცდები, ეს ზოგადი რჩევებია. ა, ჰო, კიდევ მორგია სადღაც, ძაან ქვევითაც ნუ ჩახვალ…

რჩევა № 7 : მაღლივში საჭმელი წაიღე. 

ყველი, პური, წყალი… წაიღე და ნუ კითხულობ რატომ. მაღლივში თოთქოსდა ყველაფერი არის, მაგრამ თითქოსდა არც არის, რას გაიგებ… ამოუცნობი ადგილია.

ბოლო რჩევა კი, რომელსაც საკუთარ თავს მივცემდი და არა მხოლოდ საკუთარ თავს : რამე სტიქიური უბედურება თუ დატრიალდა, სასწრაფო წესით მაღლივში ადით აუღებელი ციხესიმაგრესავითაა. ცეცხლი არ ეკიდება, არ იტბორება და ქარმაც რამდენი წელია ვერაფერი  დააკლო.