7 რჩევა სიცოცხლის მეტად შესაგრძნობად

სიცარიელე, სასოწარკვეთილება, მობეზრება, დაღლილობა…  შეიძლება ჩამონათვალი უსასრულოდაც გაგრძელდეს. ყოველდღიურად ადამიანები ამ ემოციებს ვებრძვით. ჩამოთვლილ სიმპტომებს ერთი რამ აერთიანებთ: ყოველი მათგანი ჩნდება მაშინ, როდესაც ადამიანი თავს ცოცხლად ვეღარ გრძნობს.

რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სიცოცხლე კვლავაც მძაფრად შევიგრძნოთ? ამბობენ, რომ უნდა აკეთო მეტი, იყიდო მეტი, მიაღწიო მეტს, მეტი ფული იშოვო, იყიდო უფრო დიდი სახლი, გარეთ უფრო ხშირად გახვიდე, გამონახო ჰობი, იპოვო სხვა სამსახური. ზემოხსენებულ რჩევებში, ცხადია, სიმართლის მარცვლებია, თუმცა სოციალურად აქტიური ცხოვრება სულაც არ გულისხმობს შინაგან სისავსეს.

ყველანი ვიცნობთ ადამიანებს ( შესაძლოა, თქვენც ერთერთი მათგანი ხართ) ვინც გაუთავებლად მიისწრაფვიან მიზნებისკენ და ჰგონიათ, რომ მათი მიღწევით თავს ცოცხლად შეიგრძნობენ. ეს მხოლოდდამხოლოდ დიდი ილუზიაა, ვინაიდან ,,მწვერვალი“ უბრალოდ არ არსებობს. არსებობს ახალი საფეხურები, რომლებიც ბედნიერების ახალ ილუზიას გვიქმნის. ეს ადამიანები გაებნენ მახეში სახელად ,,ბედნიერი ვიქნები, როცა…“ და იქიდან თავის დაღწევა უძნელდებათ.

გვავიწყდება მთავარი: იმისათვის, რომ სავსე სოციალური ცხოვრებით იცხოვრო, აუცილებელია შინაგანად გრძნობდე თავს სავსედ.

ბევრი გზაა იმისათვის, რომ საკუთარ შინაგან სამყაროში თავს კომფორტულად გრძნობდე. გთავაზობთ შვიდ მათგანს:

1. სიყვარულით მოეპყარით საკუთარ ფიზიკურ ჯანმრთელობას

ფიზიკური ჯანმრთელობა უპირველეს ადგილზეა: ძილი, კვება, ვარჯიში, ჰორმონები. თითოეულს ბევრი ქვეკატეგორია აქვს. ჰკითხეთ საკუთარ თავს, რამდენად ზრუნავთ ამ საკითხებზე? თუ თქვენი ორგანიზმი ვერ იღებს, რას სჭირდება, სიცოცხლისუნარიანობის შეგრძნების დონე იკლებს.

2.გადააბიჯეთ ძველ მწუხარებასა და ტკივილს

ბევრი ადამიანი წარსულის მიერ ტრავმირებულია. თქვენ ყველა ღონეს უნდა მიმართოთ, რათა ძველი დარდისაგან საბოლოოდ დაიხსნათ თავი. თუკი ამას მარტონი ვერ უმკლავდებით, მიმართეთ თერაპისტს.

3. ეძებეთ ინფორმაცია, რომელიც ,,გამოგკვებავთ“

დააღწიეთ თავი პოპკულტურას. ყოველდღიურად სოციალურ ქსელსა თუ ბანალურ ვებსაიტებზე უამრავ ინფორმაციას ვიღებთ ურთიერთობებზე, წარმატებაზე, პარტნიორობაზე და ა.შ.  ყოველი მათგანი ნამდვილად არ შეესაბამება რეალობას, თუმცა მათ შეიძლება აგრესიამდე მიგვიყვანოს. ეძებეთ და გაეცანით ღირებულ ნამდვილ ინფორმაციას, რომელიც გაგზრდით.

4. შეინარჩუნე ან ხელახლა დაუკავშირდი სპირიტუალობას

როდესაც ჩვენ არ გვაქვს კავშირი რამესთან, რაც ჩვენზე დიდია ( იქნება ეს ბუნება, რაიმე დიდი ძალა თუ უზენაესი ,,მე“), შინაგანად ცარიელად ვგრძნობთ თავს და გვეშინია. სიცოცხლისუნარიანობა მოითხოვს იმ სპირიტუალური გზის პოვნას, რომელიც კონკრეტულად თქვენ დაგეხმარებათ.

5. შექმენი საკუთარი სექსუალობის ჯანსაღი კონცეპტი

აუცილებელია გიყვარდეს საკუთარი თავი და იღებდე მას ისეთს, როგორიცაა. თუკი თავს გაუთავებლად იმცირებ იმ მოსაზრებით, რომ რაიმეს/ვინმეს არ იმსახურებ, ბუნებრივია, კომპლექსების მთელი ნაკრები ყალიბდება. ორი ცარიელი ადამიანი პარტნიორებად ერთმანეთს კიდევ უფრო დააცარიელებს. უპირველეს ყოვლისა, შეიყვარეთ საკუთარი სხეული და შემდეგ ეცადეთ ურთიერთობის დაწყებას.

6. დაისვენეთ და ითამაშეთ

ცხადია, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამსახურით შეპყრობილ სამყაროში. ჩვენ გვჭირდება დასვენება და გართობა. უნდა მოვწყდეთ ეკრანებს და გავიდეთ სუფთა ჰაერზე. შევაბიჯოთ ნამდვილ ცხოვრებაში. აუცილებელიც კია, ჩამოჯდე ბალახზე ან მდინარის თავზე თოკით დაეშვა. ყველაზე დატვირთული დღის მანძილზეც კი საჭიროა, შევჩერდეთ  და სიცოცხლე შევიგრძნოთ.

7. წადით ბუნებაში

ეს უმოკლესი გზაა, თუ გსურთ, გაიხსენოთ, რომ ცოცხალი ხართ. ბუნებაა ის, რაც საკუთარ სიკარგეს მთელი სიმძაფრით გვაგრძნობინებს. თუ ერთ საათს მაინც გამონახავთ ბუნებაში ყოფნისათვის, წამოწვებით ფოთლებისგან სახელდახელოდ შექმნლი საწოლზე და ღრუბლებით დაფარულ ზეცას ახედავთ, თავს აუცილებლად უკეთ იგრძნობთ.

რთული გეჩვენებათ? დიახ, ადამიანობა და ბალანსის დაცვა ნამდვილად ძნელია. იყავით მიმტევებელნი საკუთარი თავის მიმართ და ნაბიჯ-ნაბიჯ დაძლიეთ ემოციური პრობლემები.

წყარო: www.mindbodygreen.com