მაღლივის პირველი შთაბეჭდილება

მე და მაღლივი

  თავიდანვე ვიყავი დარწმუნებული, რომ მოვხვდებოდი მაღლივში, იმ წამიდან, რაც ეროვნული გამოცდებიდან გამოვედი. მაღლივი მაშინ არც კი მქონდა ნანახი, მაგრამ უკვე მიყვარდა, დადებით ემოციებს აღძრავდა ჩემში. მეგობრის რჩევით გადავწყვიტე აქ ჩამებარებინა და, ვთვლი, სწორი ნაბიჯი გადავდგი….

აგვისტოს მიწურული იყო, როცა ბოლო ქულა  დამედო. საბუთები მზად მქონდა, ველოდებოდი ბოლო ბოლო. არც გზა ვიცოდი მაღლივამდე, მძღოლს ვკითხე, გაეღიმა, წაგიყვანო მითხრა. თურმე ბოლო გაჩერება ყოფილა, გამოვედი მანქანიდან და დავინახე ეს ბუმბერაზი შენობა, დავინახე ადგილი, სადაც სწავლას ვლამობდი ბოლო ხანი.

შემოვედი, დაცვამ მითხრა  მე-2 რესურსცენტრში მიბრძანდითო, შევედი, ვნახე კომპიუტერებითა და ხალხით სავსე ოთახი და ამ მომენტში დამებადა რაღაც უცნაური გრძნობა.დავაკვირდი მათ სახეებს,მათ სიხარულს,ყველას ძალიან უხაროდა.საერთო აჟიტირებამ მეც ამავსო სიხარულით  და სწრაფი ნაბიჯებით მივედი უახლოეს კომპიუტერთან. ჩემთან მოვიდა 2 უფროსკურსელი და არაჩვეულებრივი სითბოთი მკითხა: „ხომ არ დაგეხმაროთ?“ დიდი სიამოვნებით მივიღე შემოთავაზება და დაახლოებით 10 წუთში,აწ უკვე დარეგისტრირებული, ვიდექი კიბეებზე და შევსცქეროდი ამ დიად შენობას….მაღლივი…..რაოდენ იდუმალი რაღაც იმალებოდა ამ სახელში….საკუთარ  ფიქრებზე გამეღიმა და მოვბრუნდი სახლისკენ,18 სექტემბრის მოლოდინში.

ზოგადად სიახლეების არ მეშინია,თუმცა 18 სექტემბრის დილით რომ გავიღვიძე,გავიაზრე რამდენად განსხვავებული,ახალი და  სიურპრიზებით  სავსე ეტაპი იწყება ჩემს ცხოვრებაში.ჩვეულებრივზე ცოტა ადრე გამეღვიძა,სწრაფად ჩავიცვი და გავიხედე ფანჯრიდან.ჩვეულებრივი დილა იყო, თუმცა ვიცოდი ,რომ ჩემთვის ბევრი სიახლის მომტანი.თავში გამიელვა აზრმა,თუ რამდენი ახალი ადამიანის გაცნობა მომიწევს, ძნელი იქნებათქო– ვიფიქრე. შევედი ჯგუფში,ვნახე „თავშეყრის ადგილი“.წყალთან იდექითო თქვა ერთმა გოგომ. ავიღე ტელეფონი და უკვე მეასედ გადავიკითხე შეტყობინება, სადაც ნათლად ეწერა, რომ 11 საათზე თსუ-ს მე-10 კორპუსში უნდა ვყოფილიყავი გახსნაზე.ზუსტად მოვედი, ირგვლივ ათობით  ადამიანი იდგა, გაყოფილი სხვადასხვა ჯგუფებად.ჩემს არც ერთ ჯგუფელს არ ვიცნობდი, ამიტომ ამოვიღე ფურცელი,დავაწერე ჩემი ჯგუფის ნომერი და დავიჭირე ხელში.უცებ რამდენიმე ადამიანი მომიახლოვდა „წამო,ჩვენი ჯგუფიდან ხარო“ მითხრეს და დავინახე რომ „წყალთან“ ჩემი ჯგუფის გამზადებული „რაზმი“ იდგა. გადავხედე მათ და მივხვდი,რომ მართლა დაიწყო ახალი ეტაპი,ყველა სხვადასხვა იყო,განსხვავებული ხასიათი ჰქონდა,მაგრამ ერთი რამ გვაერთიანებდა- ჩვენ მაღლიველები ვიყავით….

ჯგუფი და ჯგუფელები

კარგად შეკრული ჯგუფი გამოვდგით.გავიდა ერთ თვეზე ნაკლები და მივხვდით, რომ ძალიან დავმეგობრდით. მალევე გვამცნეს ცუდი ამბავი,მეორე სემესტრში ჯგუფები იშლებოდა თურმე.ზოგს გული დაწყდა,მაგრამ ჩვენ გამოსავალი ვიპოვეთ.მეორე სემესტრის საგნების არჩევისას,უმეტესობამ, ერთი და იგივე ლექტორები ავირჩიეთ და დღემდე არ დაგვიკარგავს ერთმანეთი.ვფიქრობ, მაღლივმა მაჩუქა თბილი,ერთგული მეგობრობა,რომელსაც სახელად დავარქმევდი ჩემს ჯგუფს.

შემიძლია უსასრულოდ ვწერო,ყოველ ჩემს ჯგუფელზე და ჩემს ჯგუფზე ზოგადად,მაგრამ ვფიქრობ ,ამას მომავლისთვის შემოვინახავ. შევეხები სასწავლო პროცესსა და  შთაბეჭდილებებს,რომლებიც შემექმნა მისგან.

სასწავლო პროცესი და შთაბეჭდილებები

როგორც არ უნდა მომწონდეს მაღლივი, ვერ ვიტყვი,რომ სრულყოფილი სასწავლო პროცესი გვაქვს.ბევრი რამ დასახვეწია,ბევრი რამ გვაკლია,მაგრამ ,ზოგადად, ვთვლი,რომ სწორად თუ ავაგებთ დღის გრაფიკს,საბოლოო ჯამში,არც ისე დამღლელი იქნება. სწავლა და მოთხოვნა,ჩემი აზრით,შესაფერისია.სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან მქონია შეხება და მისაუბრია ისეთ თემებზე, რომლებიც ჩვენს სფეროს,ეკონომიკასა და ბიზნესს ეხება. მაგრამ ისინი გაცილებით არაკომპეტენტურები იყვნენ ამ საკითხებში და მეამაყებოდა, რომ თსუ-ელი ვარ.დიახაც, ვამაყობდი,რომ ვსწავლობ მაღლივში. ხშირად ხდებოდა,მწერდნენ სხვა უნივერსიტეტის ბავშვები და მთხოვდნენ დახმარებას ამა თუ იმ საგანში,და ვხვდებოდი რამდენად უკეთესად ვსწავლობთ ჩვენ. დიახაც,თუნდაც მათემატიკა ავიღოთ,ჩვენი და სხვა უნივერსიტეტების მათემატიკის პროგრამა ჰგავს სათაურებით,მაგრამ რაც მათ მიაჩნიათ რთულად,ჩვენ წამებში ვხსნით.

ასეა თუ ისე,მინდა ვთქვა ,რომ მიუხედავად დიდი დატვირთვისა ,ჩვენი სასწავლო პროცესი არის ჩემთვის საუკეთესო….

ჩემი „ნაშრომის“ ბოლო ნაწილს დავუთმობ ადმინისტრაციულ პერსონალს.

თვითმართველობა

განსაკუთრებული ყურადღებით მინდა შევეხო თვითმართველობას.თვითმართველობა,ჩემი აზრით,დიდი პასუხიმგებლობაა,ამ შემთხვევაში თავდადებაც. ხალხი,ვინც მანდ არის გაწევრიანებული, დღის უმეტეს ნაწილს ატარებს იმაზე ფიქრით,თუ როგორ გააუმჯობესოს სტუდენტური ცხოვრება,შემოიტანოს მასში მრავალფეროვნება და ღია ფერებით შეღებოს ჩვენი ყოველდღიური ყოფა.ცალცალკე ყველა მათგანს ვუხდი დიდ მადლობას,რომ მთელი ამ წლის განმავლობაში,მიფერადებდნენ ჩემს რუტინას.ძალიან ბედნიერი ვარ,რომ ეს ერთი წელი ასეთ პოზიტიურ,მხიარულ და ჭკვიან ხალხთან გავატარე.

საბოლოოდ,დასკვნის სახით,მინდა აღვნიშნო,რომ ამ წელიწადის განმავლობაში მივხვდი,რომ ჩემი ცხოვრება შეიცვალა.შეიცვალა უკეთესობისკენ,უამრავი ახალი ხალხი,გამწვანებული საგნები ჩემს გრაფებში,ყოველდღიური გამოწვევები,მაღლივის კაფე,გამოცდები,ბოტასა და რაც მთავარია,დაუვიწყარი მოგონებები,ზღვა ემოცია და კიდევ ბევრი რამ,ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა,რაც მაღლივმა მაჩუქა.ახლა ამ პოსტის წერისას,ვზივარ და ვიღიმი,რა გზა გამივლია თურმე.ვინ იფიქრებდა , რომ ერთ წელიწადში მთელი ახალი ცხოვრება დაიწერებოდა.მადლობა თქვენ,  მაღლიველებო,რომ ეს ყველაფერი მაჩუქეთ,მადლობა მაღლივს,რომ თქვენი თავი გამაცნო,მადლობა თსუ-ს რომ მაღლივი არსებობს,და მადლობა ღმერთს,რომ თსუ-ელი ვარ….