რასიზმი საქართველოში

უამრავი პრობლემის წინაშე ვდგავართ ქართველი ერი და ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ნაკლებად ვცდილობთ რაიმეს გამოსწორებას.ერთ-ერთ უდიდეს პრობლემად მიმაჩნია რასიზმი, რომელიც კიდევ ერთი დიდი გამოხატულებაა ადამიანთა შორის წარმოქმნილი სიძულვილისა და უთანხმოებისა.უმეტეს შემთხვევაში ჩვენს ერში რასიზმი ასოცირდება მხოლოდ კანის ფერთან.ალბათ ხშირად სიტყვა ,,ზანგი”-ის ხსენებაზე ერთმანეთისთვის გვითქვამს-,,შე, რასისტო”. ეს, რა თქმა უნდა, საზოგადოების დაბალი ცნობიერების მანიშნებელია.

რასიზმი ზოგადად ნიშნავს კანის ფერის, რასობრივი, ეთნიკური ან რელიგიური კუთვლინების საფუძველზე ადამიანების ჩაგვრას, დამცირებას, დისკრიმინაციას და მათზე ძალადობას. რასისტი კი არის პიროვნება, რომელსაც მიაჩნია, რომ რასობრივ განსხვავებათა გამო, ზოგიერთ ინდივიდს, სხვა ინდივიდთან შედარებით, უპირატესობა გააჩნია. ის არის ადამიანი, რომელიც დიდ უპირატესობას ანიჭებს რასობრივ  განსხვავებებს, ბიოლოგიურ ნიშნებს როგორიცაა, კანისა და თვალის ფერი და ფიქრობს, რომ მისი რასა უპირატესია სხვა რასაზე.

ხშირად შემინიშნავს, განსაკუთებით მგზავრობის დროს, როდესაც ფერადკანიანს დაინახავენ ცდილობენ გვერდზე გაწევას, ურჩევნიათ დადგნენ ფეხზე, ვიდრე მათ გვერდით ისხდნენ. როგორი სამწუხაროა… როდესაც ქვეყნად ამდენი გაჭირვებაა, სიბოროტეა, უბედურებაა, შენ კიდევ თავს არიდებ შენგან ოდნავ განსხვავებულ ადამიანსაც კი და ალბათ სიკვდილის პირას მისულიც რომ ნახო დახმარების ხელსაც არ გაუწვდი, რადგან ის ფერადკანიანია, ჩინელია, მუსლიმია, ინდოელია… ნუთუ ჩვენ არ ვაშავებთ, ნუთუ ჩვენ მათთვის არ ვართ განსხვავებულნი, იქნებ მათაც არ მოვწონვართ, ეს სავსებით დასაშვებია, რადგან რასიზმის გამოხატულება ხშირ შემთხვევაში მათგანაც იგრძნობა.ეს ყველას ტრაგედიაა და არამარტო ქართველების, უბრალოდ უმეტეს შემთხვევაში ჩვენ ვართ დამნაშავენნი და ჩვენ ვაძლევთ სიძულვილის საბაბს. როგორც შენთვისაა შენი რელიგია ყველაზე წმინდა და ძვირფასი, ისეა მუსლიმისთვისაც, ბუდისტისთვისაც, უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევაში მათ უფრო სწამთ, უფრო იცავენ თავიანთ სარწმუნოებას…

ყველა გავიძახით, რომ საქართველო ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული ქვეყანაა, ეს ასეც უნდა იყოს, რადგან ამის დიდი პოტენციალი გაგვაჩნია, მაგრამ სამწუხაროა, რომ არ ვიცით როგორ ვიურთიერთოდ თვითონ ტურისტებთან, როგორ შევაყვაროთ მათ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ღირშესანიშნაობები. რამდენი ტურისტია ალბათ, რომელიც საოჯახო ტიპის სასტუმროში არ შეუშვეს, რადგან ის ფერადკანიანია და ,,რას იტყვიან მეზობლები”. ბევრისგან მსენია მეც ასეთი ამბავი და ბევრი უკმაყოფილო ტურისტიც მინახავს, რომელიც ზიზღის მეტს ალბათ არაფერს არ გრძნობს და ნუთუ კვლავ დაბრუნდება აქ და სხვებს კარგს ეტყვის ჩვენზე?

არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტიც რომ დიდი რაოდენობით მიწებს ყიდულობენ უცხოელები, განსაკუთრებით არაბები და ეს კიდევ უფრო ორმაგ სიძულვილს იწვევს საზოგადოებაში. მაგრამ ამას ალბათ ვიმსახურებთ, რადგან არ ვიცით სწორად რესურსების გამოყენება, მათ კიდევ დაინახეს დიდი პოტეცილი და იყიდეს თავიანთ სასარგებლოდ.ბევრისთვის მიკითხავს-,,რა დაგიშავა ამ უცხოელმა?” , პასუხი კი ასეთია- ,,რა უნდათ ჩვენს მიწაზე მათ, ქართველობას გვართმევენ!”, ამ პასუხში ალბათ არის რაღაც სიმართლის მარცვალი, მაგრამ ნუთუ იმაზე მაინც თუ გვიფიქრია, როგორ გავუმკლავდეთ ამ პრობლემას, რა შეიძლება რომ გავაკეთოთ ქვეყნის სასარგებლოდ?

მინდა, რომ ყველა რასისტმა და არა მარტო რასისტმა გააცნობიეროს, რომ ჩვენ ყველანი ერთნი ვართ, ერთ სამყაროს ვეკუთვნით, რომელიც ისეთი მრავალფეროვანია, რომ ორ ერთნაირ დაგდებულ ქვასაც ვერ ნახავ. გასაოცარია სამყარო და კიდევ უფრო გასაოცარია ის ადამიანები რომლებიც იქ ცხოვრობენ.არასდროს ვიფიქროთ რომ ვინმეზე უკეთესნი ვართ, ვინმე ჩვენგან განსხვავებულია და ამის გამო გავრიყოთ, არა! არა! და არა! არანაირი ნიშნით არ გამოვარჩიოთ ერთმანეთი, პირიქით, მუდამ ვეძებოთ განსხვავებული ადამიანები,რომლებმაც შეიძლება ჩვენი ცხოვრებაც განსხვავებული და მრავალფეროვანი გახადონ. თუ იგრძნობ, რომ ვინმეს შენი დაჩაგვრა სურს, არ შეუძლია შენი შეყვარება, შენთან ერთად ყოფნა, არ გაერიდო ასეთ ადამიანს, პირიქით აგრძნობინე სითბო და მიახვედრე რომ ერთნაირები ხართ, ერთნაირად გიხარიათ, გწყინთ, გტკივათ… უბრალოდ გვიყვარდეს ერთმანეთი, ასე ცხოვრება ბევრად უფრო მარტივი და საინტერესო იქნება.