,,უბრალო ჩაი!”

ჩაი!
ჩემი კაფე ერთ მიყრუებულ ადგილას არის აგებული, ვისთვის როგორ, თუმცა ვიტყოდი, რომ დედამიწის ცენტრი, ალბათ , სწორედ აქ არის. კუთხეს, წერტილს ვერ იპოვით კაფეში ხის მასალისგან, რომ არ იყოს გაკეთებული რაიმე, ყველაფერი ბუნებრივი, თბილი და ამიტომაც ტკბილია ჩემთან. ძლიერ დატოტვილი ქუჩებისა და მოედნების შემხედვარე დაქანცული, დათრგუნული არა ერთი ადამიანი მინახავს ჩემი კაფის კართან აყუდული, დახმარების მომლოდინე და სასოებას მოწყურებული, დაზაფრული შემოსული და აღფრთოვანებით გასული, შეიძლება სუბიექტური ვარ, თუმცა აქ ნამდვილად სხვა აურა ტრიალებს, აქ ყველა ბედნიერია! აღარც კი მახსოვს რატომ შეირჩა ეს ადგილი კაფეს მოსაწყობად, თუმცა რა ხანია მომხიბვლელობა არ დაუკარგავს. გაშლილი ზღვის ფონზე დაკიდული უზარმაზარი ფანჯრები ყოველ დილა-საღამოს მრავალფეროვანი პეიზაჟებით ართობს და იტაცებს აქ მოსულ სასოწარკვეთილ მგზავრს… რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, რაც უფრო იმატა ქალაქის ცენტრში უბრალო მრავალსართულიანმა, ცივმა შენობებმა, რაც უფრო იმატა ადამიანებში დეპრესიამ და გუნება-განწყობილების ნეგატიურმა ცვალებადობამ, მით უფრო მეტი ადამიანი სტუმრობს ჩემს კაფეს დღეში! ალბათ, იმიტომ რომ ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ვერც ერთი ელექტრონული მოწყობილობა ვერ გრძნობს თავს კომფორტულად, ვერანაირი მოწყობილობა ვერ დაიჭერს აქ ,,WI-FI”-ს. აქ უბრალოდ საუბარი და ჩურჩული გაცილებით ლამაზი სანახავია, ვიდრე მობილურში ჩაფლული მილიარდობით თავი. აქ უტყვი, ცივი გამოხედვა თბილი, მრავლისმეტყველი მზერით იცვლება, აქ ყველაფერი უბრალოდ უბრალოა! საფირმო კერძს, განსხვავებით სხვა კაფე-რესტორნებისგან უბრალო ჩაი წარმოადგენს! დიახ, ასე მარტივად, უბრალოდ ბუჩქად მოსული ჩაი ჩემთან უპირატესობით სარგებლობს, რომელიც საკუთარი სურნელით ყველა შემომსვლელის ყურადღებას იპყრობს! ბევრი მინახავს მოღუშული, მოწყენილი, უმეტყველო სახით, ამქვეყნად შეცდომით მოსული ადამიანი, რომელსაც აქ უპოვნია საკუთარი თავი და გახსენებია ნამდვილი საზრუნავი! ბევრიც ისეთი მინახავს მდინარის დინების მიმართულებით, რომ მობეზრებია ცურვა და ელოდება როდის გამორიყავს წყალი ნაპირზე ან ჩაითრევს სამუდამოდ, დანთქავს ფსკერზე, ამის წინააღმდეგიც არ არის ზოგი! მოძრაობით დაღლილი ადამიანთა ზღვა გადაჰყურებს, ლანდშაფტის, დედაბუნების მიერ შექმნილ ბუნებრივ ზოგჯერ მღელვარე, ბობოქარ, ზოგჯერ კი, განაბულ წყნარ ზღვას! ეს უკანასკნელი სარკესავით აირეკლავს მასში მომზირალი არსების სახეს… ერთადერთი ბუნებრივი ადგილი მთელ პლანეტაზე სწორედაც, რომ ჩემი კაფეა, საიდან არ ჩამოდიან ამ სილამაზის სანახავად, რომელი მხარე დავასახელო ამ მშვენიერების მნახველი დაბრუნებულიყოს საკუთარ მიწაზე! ბევრს უცდია ათასგვარი მატერიალური ცდუნებით კაფის გაყიდვაზე ჩემი თანხმობა მიეღოთ, მაგრამ ეს ერთადერთი ადგილია, სადაც თავს ადამიანად ვგრძნობ და ვერ ველევი… მეშინია, რომ ამ მწირ მიწის მტკაველსაც შთანთქავს უსულგულო კაცის ხელი. ალბათ, აქაც უმისამართოდ, მიზანს აცდენილი ლითონისა და რკინის მასალებს შეადნობენ ერთმანეთზე და გაიხანგრძლივებენ ფილტვების ბერვის პროცესს! დიახაც, დედამიწის რომელი კუთხიდან არ დადის აქ ხალხი, ყველა თაობისა და სტატუსის მქონე ინდივიდი დაიარება ჩემს კაფეში, ზოგი შემთხვევით მოხვედრილი, ზოგიც მიზანმიმართულად მოსული გარეუბნიდან. აქ ყველას ერთი რამ აერთიანებს, აქ ყველა ადამიანი ხდება! ჩემი კაფე პორტალია, ერთი მხრივ ადგილობრივი უცნაური გზააბნეული არსებისა და შემდეგში გარდაქმნილი ადამიანისა! იცით, არასდროს მიფიქრია მენიუ გადამეტვირთა ძვირადღირებული საკვებით, რადგან ეს სწორედ ის ადგილია, სადაც მძვინვარე ვირუსისგან გაციებული, ზამთრის სიცივისგან გათოშილი, ზაფხულის სიცხისგან გადაქანცული ადამიანები უბრალოდ ითხოვენ: ,, ჩაი, თუ შეიძლება…” ბედნიერებისათვის მცირედიც საკმარისია, და ეს მცირედი ჩემს კაფეში სწორედაც, რომ ჩაია! შაქრით თუ მის გარეშე მაინც ტკბილი, და ერთობ თბილი! არათუ ცხელი ან ცივი, არამედ თბილი! სწორედ ამით არის ცნობილი ჩემი კაფე ჩემს ირგვლივ! ფასი ნუ შეგაშინებთ, აქ ყოველდღე იფრქვევა მადლიერი ადამიანების უტყუარი, შთაბეჭდილებებით აღსავსე ემოცია, როდესაც კითხვაზე: ,, რა ღირს ჩაი?”, ,, იცით, მხოლოდ რამდენიმე კუპონი მაქვს?!”, ,, მომიტევეთ, დღეს ვერ გადავიხდი! “, ,,ძალიან განვიცდი, მეგობარი დავპატიჟე და მაკლდება მგონი, იქნებ გაითვალისწინოთ დღეს…მხოლოდ დღეს… და ხვალ გპირდებით… ნამდვილად, გეფიცებით… მოგირბენინებთ დარჩენილ თანხას…” პასუხი: ,, ნუ ღელავთ, უფასოა!” ასე ჟღერს! დასანანია იმდენად მიეჩვია და დამოკიდებული გახდა ადამიანი ფულზე, რომ უკვე პასუხი ,, უფასოა…” უკვირს და იმის ფიქრშია ხომ არ დასცინიან! ჰმ! სწორედ ამიტომ მიწევს ყოველდღე უამრავი მადლიერი,გაურკვევლად ტკბილი მზერის ხილვა, ეს მაბედნიერებს, მაძლიერებს და სიყვარულით განმაწყობს! ემოციის ხილვა ამ შავ-თეთრ სამყაროში ნამდვილად დიდი შვება და საჩუქარია! ყველა ხალისითა და სიყვარულით დაიარება ჩემს კაფეში, მათთვის სწორედ ეს არის სამოთხე, სწორედ ეს არის ნათელი უკუნ წყვდიადში… აქ მთავარი წესიც მოქმედებს უპირატესობა მხოლოდ ჩაის ეკუთვნის, ვერანაირი კაბინეტური სტატუსი ვერ გადაფარავს მათხოვრისა და მიუსაფრის სურვილს ერთ ჭიქა ჩაიზე!!! აქ ყველა ნამდვილად, პრაქტიკულად თანასწორია! აქ ყველას დანამდვილებით ერთი ადგილი ეკუთვნის! ფაქტობრივად ყველა ასაკობრივ ჯგუფს ნახავს კაცის თვალი აქ! განსაკუთრებით კი მოხუცი ცოლ-ქმარი დადიოდა კვირაში ერთხელ. არაფერი განსაკუთრებული, უბრალო ჩაცმულობა, უბრალო მეტყველება, უბრალო სახე და ნაკვთები. არ ვიცი რატომ, მაგრამ მათთვის ყოველთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდი, განსხვავებულად მივმართავდი და შევციცინებდი! იქნებ იმიტომ რომ ღრმა ასაკში იყვნენ და ხელჯოხის გარეშე ნაბიჯის გადადგმაც არ შეეძლოთ?! იქნებ უნებლიე თანაგრძნობას გამოვხატავდი მათ მიმართ?! არ ვიცი, უბრალოდ მიყვარდა ისინი, ყველაზე ასაკოვანი, გამოცდილებით მდიდარი, საყვარელ მოხუცთა შთაბეჭდილებას მიქმნიდნენ! ყოველ შემოსვლაზე ერთსა და იმავე ადგილს იკავებდნენ, ზღვასთან ყველაზე ახლოს სხდებოდნენ სკამებზე კი არა, თავიანთ მოტანილ რბილ ბალიშებზე და გასცქეროდნენ ზღვის უკიდეგანო ჰორიზონტს! ჯენტლმენურად ჯერ მოხუცი ქალბატონის ადგილს აწესრიგებდნენ შემდეგ კი დამოუკიდებლად მოხუცი ბატონიც იკავებდა კუთვნილ ადგილს. ასე ისხდნენ ხელჯოხგადაკვეთილნი, ხელიხელჩაკიდებულნი, ჩახუტებულნი და ღია უზარამაზარი ფანჯრის მიღმა იცქირებოდნენ, იქნებ რაღაცას ელოდებოდნენ, იქნებ არც ელოდებოდნენ და უბრალოდ წარმოსახვაში წარსულ ახალგაზრდობაში ნავარდობდნენ… ვინ იცის?! ალბათ, ყველაზე ხმაურიანი დუმილია მათი დუმილი სამყაროში, ალბათ, ყველაზე ბედნიერი დღეა, გამორჩეული დღე მათ ცხოვრებაში! მზის ჩასვლამდე შემოდიოდნენ ყოველ კვირას და უკანასკნელი წყვილი იყვნენ, რომლებიც ტოვებდნენ კაფეს… მთელ დღეს უდრტვინველად, გაუთქმელად ატარებდნენ, და მხოლოდ მაშინ გამოერკვეოდნენ, როდესაც ბინდი მოიცავდა მათ თვალებს და ვარსკვლავები გაუნათებდნენ მათს ტკბილ, თბილ და მრავლისმეტყველ მოხუცთა, უბრალო ნაოჭიან სახესა და ახალგაზრდულ ჯერაც მბორგავ, ჯან-ღონითა და ბედნიერებით აღსავსე თვალებს… ასე გრძელდებოდა აგერ უკვე წელიწადნახევარი იყო და ყოველ მათ შემოსვლას გულის ფანცქალით ველოდი. გადიოდა დრო და მათაც უკლეს ხშირად სიარულს, აღარც გვაკითხავდნენ, კვირიდან თვეზე გადაეწყო მათი სტუმრობის განრიგი, გაიშვიათდნენ, იმ იშვიათობით მოხუცებს რომ სჩვევიათ ხოლმე საკუთარი ჯანმრთელობის წყალობით… რამდენიმე კვირის წინ მხოლოდ მოხუცი ბატონი ესტუმრა კაფეს, სულ მთლად დალეული, ადამიანური სევდითა და დარდით განადგურებული,მის სახეს ახალი იარა დამჩნეოდა რაც თვალში მომხვდა და ამდენი მხიარულების შემდეგ გული ერთბაშად ჩამწყდა, მივხვდი წუთისოფლის მორიგი მუხთლობის, ცხოვრების მორიგი გაწბილების შედეგი იყო მოხუცი ბატონის სახეზე დამჩნეული ნაღველი და მის ცისფერ თვალებში ჩარჩენილი, დაუშრეტელი წყვილი ცრემლი. მივხვდი რაშიც იქნებოდა საქმე და ზედმეტად აღარც შემიწუხებია კითხვებით მოხუცი, უბრალოდ თბილი ჩაი მივუტანე მისთვის დამახასიათებელი დუმილით მადლობა მომიგო და მეც თანაგრძნობის ნიშნად მხარზე ხელი დავადე და მალევე გავეცალე მისი ემოციის ჯაჭვს ხელი რომ არ შემეშალა მისი ცოცხალი გრძნობების გამომჟღავნებისათვის… რამდენიმე წუთში გავიხედე მოხუცის კუთვნილი ადგილისაკენ და გავშრი… მოხუცი სიყვარულით აკანკალებული ხელს უქნევდა ვიღაცას სივრცეში და მწარე ცრემლებს ღვრიდა… დავინტერესდი ვინმეს ხომ არ ესაუბრება-მეთქი, ავდექი და გავიხედე ღია ფანჯარაში, გავაყოლე თვალი მოხუცის მზერას და ზღვაში ჩამავალი უზარმაზარი გაბრწყინებული მზის გარდა ვერაფერი დავინახე… ისევ გავადევნე თვალი მოხუცის ორიენტირს და იმავეს წავაწყდი, ვერ მივხვდი ვის, რას ან რატომ უქნევდა ხელს?, იქნებ, ვიღაცას ეძახდა, ლოდინს თხოვდა, იქნებ წუთისოფელს ახსენებდა საკუთარ ადგილსამყოფელს რათა მალე გადაელახა გაშლილი მზის სხივებით ანთებული სიყვარულის ვრცელი ზღვის ზვირთები. ან იქნებ საყვარელ ადამიანს ემშვიდობებოდა, ადამიანს, რომელსაც რამდენიმე თვის წინ მის მხარზე ედო თავი და მშვიდი, ჩაფიქრებული, ბედნიერი სახით შესცქეროდა ჰორიზონტს… იმ დღესაც ჩვეულებისამებრ გვიან გავიდა კაფედან, მინდოდა დარჩენა შემეთავაზებინა, მისი დარდისა და ტკივილით სავსე გრძნობის გათვალისწინებით კაფეს დაკეტვას არ ვაპირებდი, თუმცა შემომხედა და თვალცრემლიანმა მოხუცმა გამიღიმა, უთქმელი მადლობა ყველაფრისათვის თვალებით გადამიხადა, შებრუნდა ღია ფანჯრისკენ ისევ ჰორიზონტს გაჰყურებდა და წამიერად ბედნიერმა იერმა დაჰკრა მის ნაოჭიან სახეს, თითქოს ყველა ტკივილი უკან მოიტოვაო, ხელჯოხს დაეყრდნო და გზა მშვიდად გააგრძელა… იმ საღამოს შემდეგ, მოხუცი არ მინახავს, რამდენიმეს ვკითხე მასსა და მის მეუღლეზე არავინ არაფერი იცოდა… გული დამწყდა, მაგრამ რამდენიმე სიხარულის ცრემლი მაინც ჩამომიგორდა, დიახ სიხარულის, რადგან მჯერა, რომ მონათესავე, ერთი მასალისაგან გამოძერწილი სულები ერთმანეთს ყველგან და ყოველთვის იპოვნიან… დიდი დრო გავიდა მათი გაუჩინარებიდან, იმდენად დიდი, რომ აგერ უკვე ჭაღარა გადმოსახლებულა ჩემს თავზე და განაგრძობს ზრდას დასასრულამდე! თუმცა ყოველდღე, რატომღაც დიდი იმედით ველოდები იმ ორი მოხუცის გამოჩენას, მათ ძიებაში გადაკარგული უკვე მე ვიკავებ მათ ადგილს და მარტოსულად გავყურებ ზღვის საოცარ ჰორიზონტს! რა საოცარია ამდენი წელი გავიდა და ასეთი გრძნობით ჯერ არც ერთხელ არ აღვსილვარ, გავყურებ ზღვის უკიდეგანო დასალიერს და ვგრძნობ, იმ ორი მოხუცის გრძნობებს, განვიცდი მათ განცდებს და ვხვდები, რომ იმ უკიდეგანო თეთრ წრფესთან ბილიკი არ მთავრდება, პირიქით, მის მიღმა რაღაც ახალი იწყება, ისეთი ძალითა და ემოციით შეიგრძნობა ეს ყველაფერი, რომ თვალი ხარბად უცქერის ამ სილამაზეს და ჟრუანტელს გვრის მთელს სხეულს… ფინჯანს ვიღებ და გატრუნული ჩაბნელებულ კაფეში მარტოდდარჩენილი ველოდები განთიადის დაგომას, შარფი შემოვიხვიე, თბილი ჩაი მოვაქციე ჩემს თითებში და ცნობისმოყვარე, უკვე დაღლილი თვალებით გავყურებ სამყაროს მიერ შექმნილ მეორე პორტალს, ჩემ მიერ აშენებული პორტალიდან, და ვხვდები, რომ იქ ნაცნობი ადამიანებიც ბინადრობენ! სიო უბერავს და სხეულიც ჟრუანტელით პასუხობს, ან იქნებ თავს იცავს მისგან… ჩაი მოვსვი, გავთბი, აქ ყველაფერი რუტინულად მიმდინარეობდა, ზღვა კვლავინდებურად ტალღებს სცემდა ნაპირს, მზე კი თავის საუკუნო ბილიკს მიუყვებოდა, მაგრამ ჰორიზონტს მიღმა ყოველ საღამოს, მზის ჩასვლისას სასწაული ხდებოდა, ვუყურებდი და ცხადად ვხედავდი, მოხუცი ცოლ-ქმრის ბედნიერ სახეებს და ამქვეყნიური დარდი მავიწყდებოდა, ვუყურებდი და ვფიქრობდი თუ რა ძალა აქვს სიყვარულს!.. მას შემდეგ არავის ვუთმობდი მოხუცთა ადგილს, ყოველ საღამოს ორ ფინჯან ჩაის ვუდგამდი და ერთ სანთელს ვუნთებდი მათი ხსოვნისა და წრფელი სიყვარულის მიწიერ გამოვლინებას, რომელსაც ანალოგი არ ჰყავდა! ჩემდა გასაკვირად, ყოველ დილით ფინჯანში ჩაი აღარ მხვდებოდა, თავიდან გამიკვირდა შემდეგ კი მივხვდი, რომ უბრალოდ არაფერი ხდება, არც არაფერი იწყება და დამთვარებაზე საუბარი ხომ ზედმეტია! ხანდახან საღამოობით მოხუცი ცოლ-ქმრის დუმილს ვარღვევდი და მათ ფარულ, იდუმალ გრძნობებთან ერთად მეც საკუთარი ფიქრებით ჩუმად, ტკბილად ვსვამდი უბრალო, ფინჯან ჩაის!

14/3/19 12:25
ავტორი: გიორგი გელანტია