ოთხწლიანი ურთიერთობა

მოდით ჩამოვჯდეთ და გულახდილად ვისაუბროთ.

მე მარიამი ვარ და წელს ვამთავრებს თსუს იურიდიულ ფაკულტეტს (არა, ეს არაა ანონიმ ალკოჰოლიკთა, ან თსუჰოლიკთა შეკრება).

ახლა თქვენ გაიფიქრეთ რომ დიდი ვარ, სავარაუდოდ ბევრი ცოდნაც მაქვს და გამოცდილებაც, და რომ შემიძლია თქვენ კითხვებს პასუხი გავცე.

პრინციპში სიმართლესთან ახლოს ხართ, ცოდნის გაზომვისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ოთხწლიანი გამოცდილების გაზიარებას ნამდვილად ვაპირებ.

როგორც ყველა მოკვდავს, სანამ ფაკულტეტზე ჩავირიცხებოდი უამრავი სტერეოტიპული შეხედულება, მოლოდინი და წარმოდგენები მქონდა. პირველ სემინარზე რომ გვარით კი არა სახელით და თქვენობით მომმართეს მანდ მივიღე პირველი შოკი და აწ გარდაცვლილი ხადურის არ იყოს, იმის მერე თითქმის ყოველდღე ვიღებდი ნეგატიურ თუ პოზიტიურ შოკუნიებს.

ალბათ ყველაზე მეტად ის გაინტერესებთ რამდენად პრაქტიკულ და ხარისხიან ცოდნას ვიღებთ იურიდიულზე და რა პერსპექტივებით ვამთავრებთ უნივერსიტეტს.

მოდით მაგალითისთვის ავიღოთ სახელმძღვანელო, რომლითაც ისწავლება სამართლის კონკრეტულ დისციპლინა სხვადასხვა უნივერსიტეტებში – სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, მ.ტურავა ან სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, ავტორთა კოლექტივი, შემდეგ წიგნის ყდაზე ამოკითხული გვარები შევადაროთ იურიდიული ფაკულტეტის ცხრილს, და უალაჰ, აღმოაჩენთ რომ ის ადამიანები რომლებიც საქართველოში ქმნიან სამართალსივრცეს, იქნება ეს კვლევითი, სამეცნიერო, კანონშემოქმედებითი თუ პრაქტიკული სფეროები, გასწავლიან შენ – მოკვდავ სტუდენტს და ხშირად ვამბობ ხოლმე რომ ინფორმაციის პირველწყაროსთან ურთიერთობა ყოველთვის ყველაზე საინტერესო და პროდუქტიულია. თითქმის ყველა საგანი ისეთ ადამიანთან მაქვს გავლილი ვინ დიდი ავტორიტეტით სარგებლობს ქართულ და საერთაშორისო სამართლებრივ ასპარეზზე. შს მინისტრის მოადგილისგან რომ სწავლობ გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის თავისებურებებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლისგან სახელშეკრულებო სამართალს ან თუნდაც (გრძელი ფრაზაა, მოემზადეთ) საქართველოს გენ.პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსისგან საპროცესო დოკუმენტაციის შედგენას, მგონია რომ კითხვა „რამდენად პრაქტიკულ ცოდნას ვიღებ?“ – არარელევანტური ხდება, თავი რომ დავანებოთ ამ ადამიანების პროფესიონალიზმს თვითონ სამართალი პრაქტიკასა და მის განვითარებას ეყრდნობა, ასე რომ ამ მხრივ მგონი თავი ქუდში გვაქვს.

რაც შეეხება პერსპექტივებს, მეოთხე კურსზე მოვიყარე უკვე, მაქვს ჩემი გეგმები და მიზნები და ვაღიარებ, იმისთვის რომ სასურველ ადგილზე მოხვდე, სხვა საჭირო უნარებთან  და კვალიფიკაცასთან ერთად ნამდვილად გჭირდება „გასტეხს ქვასაცა მაგრსა“ რეკომენდაცია. ერთი სემესტრის წინ დამჭირდა მეც და დავიწყე ფიქრი საიდან მოვიტანომეთქი, თან გამოგიტყდებით რომ სტუდენტების ის კატეგორია ნამდვილად არ ვარ ლექტორ/სემინარისტებთან რომ მეგობრობს და ახლო ურთიერთობას პირველივე სემინარიდან იჭერს, პირიქით, ზედმეტად ასოციალური ვარ ჩემი პროფესიისთვის. ჰოდა ვფიქრობ ნეტაი ვის ვემახსოვრები, ან ვინ გამიწევს რეკომენდაციას. მეთქი მარიამ თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამოს, რას კარგავმეთქი და ჩემს ორ ყოფილ სემინარისტს მივწერე, თან მთელი დღე შიშით ველოდებოდი პასუხს, ან დასინვას. თქვენ წარმოიდგინეთ ძალიან გამაკვირვა იმან რომ ჩემი მორიდებულობის მიუხედავად ორივე სემინარისტს ვახსოვდი, ჩემი წერითი ნაშრომებიან აკადემიურ მოსწრებიანად და ისეთი რეკომენდაცია მომცეს, რომ წავიკითხე რამდენიმე ცრემლიც კი გადმომვვარდა, განა იმიტომ რომ არ მეკუთვნოდა ის დახასიათება? არა, იმიტომ რომ ინტროვერტებიც ვიღებთ რეკომენდაციებს. მოკლედ რომ ვთქვა, ამ ფაკულტეტზე შრომას, მიზანდასახულობას, მონდომებას და სურვილს არავინ დაგიკარგავთ და მეტიც, როცა დაგჭირდებათ ის აკადემიური პერსონალი რომელიც გასწავლით, გვერდით დაგიდგებიან. არასდროს დამავიწყდება ჩემი ერთ-ერთი სემინარისტის სიტყვები, რომელიც მეორე სემესტრში გვითხრა მთელ ჯგუფს : „მეგობრებო, გთხოვთ ნუ აღმიქვამთ როგორც პედაგოგს, ლექტორს, ან მასწავლებელს. მე თქვენი კოლეგა ვარ, შესაძლოა 4-5 წლის შემდეგ ერთ სამუშაო ოთახში მოგვიწიოს მუშაობა. მე არ ვთვლი რომ რამეს გასწავლით, რომ თქვენზე უპირატესი ვარ. ჩვენი სემინარი არაფერია თუ არა ინფორმაციული მიმოცვლა“ (ნ.ჩიტაშვილი, თუ ოდესმე შეგხვდებათ რომელიმე საგანში აუცილებლად ასარჩევი ლექტორია), და ეს ადამიანი მართალიცაა, რადგან ჩემი უფროსი მეგობრები, რომლებიც ჯერ კიდევ მაშინ გავიცანი ბაკალავრიატს რომ ამთავრებდნენ, ახლა სემინარებს უძღვებიან.

ვამთავრებ უნივერსიტეტს და ვფიქრობ, რამდენად ნაყოფიერი იყო ეს წლები ჩემთვის? ამ წლების მანძილზე დავაგროვე ცოდნა, გამოცდილება, შევიძინე ბრძოლის უნარი, ვისწავლე რომ ხმა ამოვიღო ყველა იმ უსამართლობაზე რაც ჩემ გარშემო ხდება, და არ აქვს მნიშნელობა ვინ იქნება „მჩაგვრელი“, თსუს ადმინისტრაცია, ლექტორ/სემინარისტები თუ ჩემივე კურსელები, ავტორიტეტული ადამიანის მიერ განხორვიელებული უსამართლო ქმედებაც ისეთივე უსამართლოა როგორც ნებისმიერი სხვის, გავიცანი ბევრი კარგი ადამიანი, რომლებსაც შემიძლია დავეყრდნო და მეიმედებოდეს, მეგობრები, დავაგროვე „საჭირო კონტაქტები“ და კიდევ უამრავი სხვა „სარგებელი“, რაც შეიძლება უნივერსიტეტმა და ფაკულტეტმა მოგცეთ და ახლა თქვენ მითხარით, რამდენად ნაყოფიერი იყო ეს წლები ჩემთვის?

ვიმედოვნებ რომ ასე თუ ისე, ზოგადი ინფორმაციის მოწოდება შევძელი. ფიზიკურად შეუძლებელია რომ ერთ სტატიაში ყველა საჭირო ინფორმაცია მოათავსო და თუ კითხვები გექნებათ, ან რომელიმე კონკრეტული თემა დაგაინტერესებთ თქვენი მონა-მორჩილი აუცილებლად „გამოაცხობს“ ახალ ამბავს (თავმდაბალი ვარ მეტად).

ავტორი: მარიამ მოდებაძე