წელიწადის დროები .. ♥♥

ღამის სამი საათია,, მთელი დღე ძილში გავატარე. არეული მაქვს დღეც და ღამეც, ყველაფერი იმის ბრალია, რომ მუშაობა დავიწყე. პირველი ხელფასი სამი დღის წინ ავიღე. იყო ამაში რაღაც განსაკუთრებული, რაღაც უცნაური. ვიცი კარგია, რომ ჩემი ფული მაქვს, მაგრამ სამსახურის გამო სწავლას ვეღარ ვახერხებ ნორმალურად. შუალედურები საშინლად ვწერე, ქულები არ მიწერია აქტივობაშიც. რაღაცნაირად შემეცვალა აზრი კარგად სწავლაზეც. ვცდილობ საშუალო დონის სტუდენტის სახელი მაინც შევინარჩუნო. მარტო ცხოვრებას ვეჩვევი, რთულია.. ისედაც მარტოდ ვგრძნობ თავს. რომ ვუფიქრდები და ვაცნობიერებ ჯერ კიდევ რამდენი მაქვს გასაკეთებელი… მე კი სულ ახლახანს დავიწყე ცხოვრება. არ ვიცი რა იქნება ხუთი-ათი წლის შემდეგ, მაგრამ ადრევე მინდა ოჯახი შევქმნა, დროულად მინდა ყველაფრის მოსწრება, იმედებით ვარ სავსე, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე ვიხარჯები. ბევრად მეტის გაკეთება შემიძლია.
ცხოვრებას წელიწადის დროებს ვადარებ. გაზაფხულით იწყება ცხოვრება, გაზაფხული ბავშვობაა. აყვავილებული ხეები, გადამწვანებული ველები, ხასხასა ფერები, კაშკაშა მზე, ფაფუკი და ქათქათა ღრუბლები, სასიამოვნო სურნელი ჰაერში. ყველაფერი თვალისმომჭრელად გეჩვენება, გგონია, რომ სულ ასე იქნება. გულში უკეთესის იმედიც კი გაქვს… ცხოვრებით ტკბები, მზის გულზე თბები, არაფერზე დარდობ, ბავშვი ხარ. შემდეგ ზაფხული მოდის, უკვე თინეიჯერი ხარ. ზაფხული უფრო თავაშვებული გართობის დროა, მაგრამ მაინც ბავშვური უფრო მეტია შენში ვიდრე ზრდასრული. სიცხეს ხეების ჩრდილში ემალები, ჩნდებიან უამრავი მწერები, რომლებიც გკბენენ, ვეღარ დარბიხარ წელამდე ბალახებში ქვეწარმავლების შიშით. მალევე გბეზრდება ეს დრო და ერთი სული გაქვს როდის გაიზრდები, როდის მოვა შემოდგომა. შემოდგომა ზრდასრულ ადამიანს ნიშნავს. ჩნდება პასუხისმგებლობები, ვალდებულებები. საქმეც უფრო მეტია. შემოდგომა ყველაზე ლამაზი დროა, თავისი ფერებით, თავისი გულუხვობით, სიგრილით და სითბოთი ერთად, თავისი სიმდიდრით. ბავშვობიდან მოყოლებული რაც დაგითესავს და გიკეთებია ზრდასრულობის ჟამს იმკი ყველაფერს. მეტი გამოცდილება, მეტი თავდაჯერება, მეტი სიმხნევე, მეტი სიმშვიდე, მეტი ბედნიერება. შემოდგომა ყველაზე დიდი ხანი იწელება. ბოლოს კი ზამთარია. ზამთარი-სიბერე. ჭაღარა- თოვლი, სიქაჩლეები ტყეებში, ხეებზე, სიცივე თბილ და ტკბილ ხმაში, წელში მოხრილი, დათოვლილი ხეები, პატარა დღე და დიდი ღამეები. ბევრი კარგი და ბევრი ცუდი. მთელი ცხოვრების ნაშრომია შენი საბადებელი ზამთარში, მთელი ცხოვრების- გაზაფხულის, ზაფხულის და შემოდგომის. თბილი სახლი, თბილი ბუხარი, მძიმედ მოცეკვავე ცეცხლი, ცივი ქარის და მყარი კედლების ჭიდილის ხმა, სითეთრე, სიბრმავე, ბევრი თავისუფალი დრო არაფრის საკეთებლად და მოლოდინი, მოლოდინი გაზაფხულის დადგომისა… აი, ესაა ცხოვრება. ყოველი წელი ახალი ცხოვრებაა. მე ცხრამეტის ვარ, ცხრამეტჯერ დავიბადე და ვიცხოვრე, მეცხრამეტედაც გარდავიცვლები, რომ მეოცედ დავიბადო. ყოველი ახალი ცხოვრება წინაზე უკეთესია. ჩემი დაბადების დღე თებერვალშია, სწორედ მაშინ, როცა ზამთარი მთავრდება…