#მეTSUელი

ალბათ ის, რასაც აქ ვწერ, ათასჯერ მაქვს მოყოლილი მეგობრებისთვის და ყოველ ჯერზე ისეთივე ემოციური ვარ, როგორც პირველად და, ზუსტად ვიცი, ცხოვრების ბოლომდე ასეთივე ემოციას გამოიწვევს ჩემში, რადგანაც ეს ბლოგი ეხება ჩემს თსუ-ს, იმას თუ როგორ გავხდი ამ დიადი ისტორიის ნაწილი და როგორ ვამაყობ ხოლმე ჩუმად ამით. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ საკუთარ თავში დარწმუნებული არ ვიყავი, თავიდან ერთ-ერთი კერძო უნივერსიტეტი მეწერა პირველი, პირველ რიგში იმიტომ, რომ მეგონა დაფინანსება ამაზე იყო დამოკიდებული და მე კი მინდოდა მშობლებისთვის რაც შეიძლება მსუბუქი ტვირთი ყოფილიყო ჩემი სტუდენტობა, მეორე-იმიტომ, რომ ვიცოდი თსუში დიდი კონკურსი იყო და არ მინდოდა გული დამწყვეტოდა, იმედი გამცრუებოდა საკუთარი თავის გამო, მაგრამ რამდენიმე გამოცდილმა ადამიანმა არ დამანება და შეცდომა წინა დღეს გამოვასწორე (უნივერსიტეტების ჩამონათვალის შეცვლის ბოლო ვადის დღეზე ვსაუბრობ).

 

სულმოუთქმელად ველოდი იმ დღეს, როცა სტუდენტი გავხდებოდი, თან უბრალოდ სტუდენტი კიარა – თსუელი, და დადგა ეს დღეც. სახლში არ ვიყავი და დედას უნახავს, დამირეკა და თავიდან გაუგებრად მელაპარაკებოდა, შინაარსიც კი ვერ გავიგე, მაგრამ ბოლოს ყური მოვკარი:-“ჯავახიშვილში მოხვდი დეე“. მაშინ რა ვიგრძენი იმ ყველაფერს ვერ დავწერ, რადგან ასეთ რაღაცას მხოლოდ გრძნობ – შენთვის ეგოისტურად და სხვას ვერ გაუზიარებ, უბრალოდ უბედნიერესი ვიყავი. მალევე ჩამოვედი თბილისში და დავრეგისტრირდი, სიმართლე გითხრათ, თავიდან იმედი გამიცრუვდა, აბა როგორია- პირველად მიდიხარ მაღლივში და ხვდები რომ 4 წელი ის ადგილი იქნება შენი მეორე სახლი. გაინტერესებთ დღეს რას ვგრძნობ, მაშინ როდესაც ცოტა და მეოთხე კურსსაც დავიწყებ? თქვენ წარმოიდგინეთ და უზომოდ მიყვარს მაღლივი, დღეს კიდევ უფრო ამაყი ვარ, როცა ვაცნობიერებ #მეუნივერსიტეტელი ვარ, და თამამად შემიძლია ვთქვა, ყველაზე მაგარი უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ. და მაინც, როგორ ფიქრობთ, ეს რისი ბრალია? როგორ მოაღწია აქამდე? როგორ განვლო ერთი საუკუნე? რითი იყო თსუ ყოველთვის განსაკუთრებული? პასუხი ერთია- მისი ძალა ხალხია, ის ხალხი, რომელიც წარმოადგენს თსუს. თუნდაც გადავხედოთ – საუკეთესო აბიტურიენტების დიდი ნაწილი სწორედ აქ აბარებს, საქართველოში საუკეთესო ლექტორები სწორედ აქ ასწავლიან, ქვეყნის წარმატებული ადამიანების დიდი ნაწილი სწორედ თსუელი იყო. დიახ-100 წელი უნივერსიტეტი სწორედ მათზე იდგა და რა შემიძლია გავაკეთო მე, შენ, ჩვენ დღეს? უბრალოდ უნდა გავითავისოთ, რომ დღეს სწორედ ჩვენ წარმოვადგენთ თსუს, თუ ჩვენ ვიქნებით საუკეთესოები ჩვენს საქმეში, მაშინ თსუ კვლავ საუკეთესო იქნება.

 

ეს ჩემი პირველი ბლოგია, განკუთვნილი მომავალი პირველკურსელებისთვის, მინდა გითხრათ, რომ წელს თსუ 100 წლის ხდება, წარმოგიდგენიათ? -მთელი ერთი საუკუნის. თქვენი თაობა კი იქნება ის, ვინც მეორე საუკუნეს დაიწყებს და უბრალოდ უფლება არ გაქვთ კარგები კი არა, საუკეთესოები არ იყოთ. დაბოლოს, მინდა გითხრათ ჩემი საყვარელი სიტყვები: არ არსებობს განსაკუთრებული ადგილები, არ არსებობს განსაკუთებული მომენტები, არ არსებობს განსაკუთრებული თაობები, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ადგილი, მომენტი და თაობა აქციონ განსაკუთრებულად..!