სწავლა ან/და სამსახური

ზაფხულის ერთ ცხელ დღეს, როდესაც წინ არა ერთი გამოცდა მელოდა, მაგრამ რომ გეკითხათ, ყველაფერი ვიცოდი, მოწყენილი ვსქროლავდი ფეისბუქ პოსტებს, შემთხვევით წავაწყდი ვაკანსიებს. რომ გითხრათ დიდად თავს ვიკლავდი სამსახურის ძებნით-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ შიგადაშიგ თვალს ვავლებდი და რაიმე საინტერესოს პოვნით მცირე იმედს არ ვკარგავდი. მას შემდეგ, რაც არც თუ ისე დაკვირვებით ჩავყევი კომენტარებს და რამდენიმე საინტერესო ვაკანსიასაც მივასამშაბათე, რატომღაც უცებ გადავწყვიტე რეზიუმეები გამეგზავნა და ზაფხული ოდნავ მაინც ნაყოფიერად გამეტარებინა. გრძელი ამბავი მოკლედ რომ ვთქვა, რამდენიმე ვაკანსიაზე ოფიციალურად განცავხადე, რომ დავიწყებდი მუშაობას და ამდენი საქმით  დაღლილი, დასვენება გადავწყვიტე. რამდენიმე დღე გამომხმაურებლები არ ჩანდნენ და მეც, ისედაც იმედდაკარგულმა, საერთოდ ჩავიქნიე სამსახურზე ხელი. დიდი დრო არ გასულა, რომ მაღლივში გამოცდის შემდგომ ვცდილობდი ყველანაირი სტრესი მომეხსნა, დამესვენა და ამ დროს ტელეფონზე უცხო ნომერმა დარეკა. საგნის ჩარჩენას, სემესტრის დამატებას, აპოკალიფსის დაწყებას, ყველაფერს ველოდი, მაგრამ ამას ნამდვილად არა – გასაუბრებაზე დამიბარეს.

რომ მკითხოთ, ალბათ ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თვისება პუნქტუალოურობაა, თუმცა გასაუბრებაზეც კი 40 წუთი დავიგვიანე. სიმართლე უნდა ითქვას: მე ყველაფერი სწორად გავთვალე, გუგლ მაპზეც ოფისში მისასვლელი ყველა მარშრუტი განვიხილე, საუკეთესო ავარჩიე და იმით ვიხელმძღვანელე. რა ვქნათ, რომ თბილისში ავტობუსები მაინცდამაინც კარგად არ მოძრაობენ. მოკლედ, ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა, თუმცა მაინც ვფიქრობდი, რომ მუშაობას ამ პასუხებით ვერ დავიწყებდი და თავს ვიმშვიდებდი, რომ მინიმუმ გამოცდილება მაინც მივიღე-მეთქი, თან ქართული დამსაქმებლების ამბავი ხომ იცით? 19 წლის ასაკში 5 წლიან სტაჟს რომ ითხოვენ. უიმედოდ დავტოვე სავარაუდოდ ჩემი მომავალი ოფისი და სახლისკენ გავემართე.

ორი-სამი დღე ისე გავიდა, რომ გამოცდის მასალას ერთი-ორჯერ გადავხედე, ისიც გვერდულად და შეშინებულმა ძილი ვარჩიე. ტელეფონზე ისევ უცხო ნომერმა დარეკა, თუმცა ეს ნომერი საიდანღაც მეცნობოდა. დილა არ იყო, არც შუადღე, თუმცა მე მაინც მეძინა და ახალგაღვიძებულმა პროფესიონალურად წამებში ისეთი ხმა მივიღე თითქოს რამდენიმე საათი უკვე ფხიზლად ვიყავი და დილიდან საკმაოდ ბევრი საქმით დაvკავებულიყავი.

სტაჟირებაზე დამიბარეს. არა, ნამდვილად არ ველოდი. ჩამოვურეკე ყველა ნაცნობს, ვისთვისაც კი მინდოდა ჩემი წარმატება მეხარებინა და თან მოკრძალებულად ვპასუხობდი, ჯერ სტაჟირებაზე ვარ, შტატშიც კი არ ვარ აყვანილი-მეთქი. ამ დღიდან დაიწყო ჩემი მუშაობა და პირველივე გამოცდაზე სასტიკად დაღლილი და გათანგული რომ მივედი, მაშინ მივხვდი, რომ დიდ შარში გავყავი თავი, თანაც ჩემი ნებით და თანაც, რომ არ ვეშვებოდი. გამიმართლა, რომ ეს ყველაფერი არდადეგების პერიოდში დაწიყო, როდესაც სემინარები არ ტარდებოდა და პრობლემას პრობლემა აღარ დაემატებოდა. უნდა ვთქვა, რომ უფროსები აბსოლუტურად ყველანაირად მეხმარებოდნენ გამოცდების პერიოდში, თუმცა იმ ფაქტთან შეგუება, რომ პასუხისმგებლობა და გარკვეული ვალდებულებები მომემატა, რომლებიც მინდოდა თუ არა, უნდა შემესრულებინა, ცოტა არ იყოს მაშინებდა. ამ დროს ჩემი მეგობრები და მათი გვერდში დგომა რომ არა, დღეს ნამდვილად არ ვიმუშავებდი და ვერ დავძლევდი ამ რთულ პერიოდს. რა შემიძლია გირჩიოთ? რთულია. არ გეტყვით, რომ სწავლა და მუშაობა ადვილია ან არ დაიღლებით, ისე რომ დილით არათუ სამსახური ან უნივერსიტეტი, არამედ თბილი საბნისა და ბალიშის მეტი არაფერი მოგინდებათ. არც ის იფიქროთ, რომ ყოველთვის, როცა ოფისში მიხვალთ მუშაობის ხასიათზე იქნებით ან სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა არ გექნებათ. ფაქტია, ყველაფერი კარგი რთულად მისაღწევია და დღეს, როდესაც ვფიქრობ, ამდენი დახმარების მიუხედავად, როგორ გამიჭირდა ამ ორი თვის განმავლობაში, საკუთარი თავი მეამაყება. რთულია, თუმცა პირველ ხელფასამდე, ბანკში რომ მიხვალთ სახელფასო ბარათის ასაღებათ ან მობილუზე შეტყობინება მოგივათ ხელფასის ჩარიცხვაზე, აი, სწორედ მაშინ იქნებით საკუთარი თავით ამაყი, რომ თქვენ ეს შეძელით. მე კი იმედი მაქვს და მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი, ვინც ახლა ჩემს ბლოგს კითხულობს ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევს და თითoეულ დაბრკოლებას ამაყად გადალახავს.

სიყვარულით და პატივისცემით: ნ. მჭედლიშვილი <3