ის, რაც არ მოგვწონს!

ბაზები ჯერ კიდევ არ დაუხურავთ, ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთი ჯერ კიდევ კომპიუტერის წინ ზის და ცდილობს, თავისი ცხრილი დაამგვანოს მაინც იმას, რაც თავიდან სურდა. ნაწილს  საოცრად გაუმართლა და მეგობრების დახმარებით, ან იქნებ დამოუკიდებლადაც, შეძლო სასურველისთვის მიეღწია. ნებისმიერ შემთხვევაში, საგნების არჩევა თსუ-ში საოცრად მტკივნეული პროცესია და, სანამ თავად არ შევეჩეხე რეალობას (უკვე მესამედ!), სასაცილოდაც არ მყოფნიდა ეს ფაქტი.

სათუთად დაწყობილი ცხრილი,  უზადოდ გათვლილი დეტალები და, საბოლოოდ, თავადვე გიკვირს ის, რაც გამოდის.

მესამე სემესტრს ვიწყებ და არ მესმის, რატომ უნდა გვანადგურებდეს ფსიქოლოგიურად ის, რომ ვიღაცას  იღბალმა ან ინტერნეტმა უფრო სწრაფად გაუწია სამსახური, რატომ უნდა მიწევდეს ვისწავლო ის, რაც არ მინდოდა მესწავლა, თუკი არჩევანის საშუალება მაქვს, რატომ არ შეიძლება, ეს საშუალება გამოვიყენო კიდეც?  აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ არასოდეს ვიცით, როდის დაიდება საგნების ჩამონათვალი, რათა ილუზიის დონეზე მაინც დავალაგოთ ცხრილი ბაზების გახსნამდე, არც ის ვიცით, დაემატება თუ არა ადგილები სასურველ საგნებს ( სასაცილოა, მაგრამ სავალდებულოებსაც კი ? ) , კითხვის დასმის შემთხვევაში კი, ძირითადად, აგრესიას ვიღებთ. ეს კიდევ ცალკე თემაა. პირადად მე ვამჯობინებდი, არასოდეს მიწევდეს ადმინისტრაციის თანამშრომელთა დიდ ნაწილთან საუბარი.          ^ _ ^

მოკლედ, ჩვენი სურვილით თუ სურვილისდა მიუხედავად,  მოგვიწევს ვისწავლოთ ის, რაც მოგვიწევს.  სამი დღის განმავლობაში ვისმენდი ჩემი მეგობრების მღელვარებისა და  ემოციური დაღლილობის შესახებ, რასაც ეს აბსურდული პროცესი იწვევს. ჩემს ცხრილსაც არაუშავს :დ  ორი სასურველი საგნის დათმობის ფასად, რაღაცას დაემგვანა.

ამდენი მხოლოდ იმიტომ ვილაპარაკე, რომ უკვე მესამე სემესტრია, მაწუხებს კითხვა:  რატომ გვაწვალებენ ასე? შესაძლოა, უნდათ გვიჩვენონ, რომ ცხოვრება ბრძოლაა გადარჩენისთვის :/ ვინ იცის…  კარგი იქნებოდა, რამე შეგვეცვალა, ვერავინ დააბრუნებს არასაჭირო საგნებზე დაკარგულ დროს,  უნივერსიტეტის წლები კი უცბად გაივლის და, ზოგჯერ მეშინია, სკოლის მსგავსად,  ხელთ მხოლოდ ზოგადი განათლება არ შემრჩეს.  ყველა  სტუდენტი ასე წუწუნებდა, ალბათ,   მეც ცოტა გული მოვიფხანე  ჩემი აღშფოთების თქვენთვის გაზიარებით, საბოლოოდ კი ჩვენ შემდეგი სემესტრისთვისაც ჩავებმებით ბრძოლაში  ჩვენს კომპიუტერებთან დაძაბული სახეებით მიმსხდარნი.

მე წარმატებებს გისურვებთ <3