ბლოგიგაუზიარე გამოცდილება/წარმატება

მაღლივი

მაღლივი

ათეულობით წლის წინ დაწყებული ისტორიის „ფაქტობრივი საცხოვრებელი“, რომელიც დღესაც ცოცხალია და ფეხზე ამაყად დგას. ბევრისთვის მხოლოდ სახელი დარჩენილი და ბევრისთვის კარიერული წინსვლის საფუძველი.

სიძველის სუნით გაჟღენთილ კედლებში შესვლის პირველი დღე, როდესაც ვეებერთელა შენობა დავინახე, რომელიც სადღაც თბილისის „კუნძულზე“ მდებარეობდა. ვფიქრობდი არაფერია, ინტერიერი მაინც იქნება გარემონტებული-მეთქი. შევედი და ისიც ძველი დამხვდა. არაფერი ხარობდა იქ. პირველი ერთი კვირა სულ ვტიროდი, რომ არასწორი არჩევანი გავაკეთე. სტუდენტობის წლები, როდესაც ცხოვრება და სტუდენტობა უნდა მიხაროდეს, უაზროდ უნდა გავლიო ამ ძველ კედლებში-მეთქი. ტირილში გატარებული ერთი კვირის შემდეგ ჩემში „აღორძინების ხანა“ დაიწყო. არ ვიცი რატომ, მაგრამ რატომღაც მაღლივის კედლები გალამაზდა, თითოეული სემინარი სიახლეს მაძლევდა და მავითარებდა. ყველა პატივისცემით მექცეოდა. აქ ყველა ყველას იცნობდა, მაგრამ მე-არა. გული მწყდებოდა, მაგრამ დიდად არვცდილობდი ვინმესთან დამეგობრებას. მხოლოდ იმიტომ ვეკონტაქტებოდი, სემინარზე რამეს თუ ვერ გავიგებდი და დახმარება მჭირდებოდა, ან-პირიქით.

პირველ წელს არაფერი საინტერესო არ მომხდარა, გარდა იმისა რომ ამ უზომოდ მაღალ შენობას როგორც იქნა მივეჩვიე. წელი ისე გავიდა, რომ არ მყოლია უნივერსიტეტის მეგობარი და ცოტა გამიჭირდა. დაიწყო წვიმების და ქარის ამინდები. ვინც ერთხელ მაინც ხართ მაღლივში ნამყოფი, მოგეხსენებათ ამ დროს აქ რაც ხდება. წვიმისგან გალუმპულს ქარის თავის ნებაზე დამატარებდა მაღლივის კიბეებზე,2 ჯერ ლამის წამაქცია კიდეც. სემინარებზე სემინარისტის და ქარის ხმა სინქრონულად მესმოდა, თავიდან თავს მატკიებდა, შემდეგ მივეჩვიე.

მეორე წელს უნივერსიტეტის თვითმმართველობის პოსტი ვნახე, სადაც წერდნენ რომ წევრების მიღებას იწყებდნენ. მაშინვე გავაგზავნე აპლიკაცია და დაველოდე პასუხს. გასაუბრებაზე მისვლა ვერ მოვახერხე მაგრამ ჩემი რეზიუმეს წყალობით მაინც მოვხვდი მათ გუნდში. აი აქ კი მართლა დაიწყო სტუდენტური ცხოვრება. სემინარებიდან დაღლილი 102-ის ოთახისკენ სულმოუთქმელად მივრბოდი ხოლმე. იქ ერთი დიდი  ოჯახი ვართ, სადაც უამრავი და-ძმა ვართ.

მაღლივშიც ზოგადად ასე ყოფილა, რასაც გვიან მივხვდი. თუ რამე დაგჭირდა ყველა დაგეხმარება. როგორც კოელიო იტყოდა, „თუკი რაღაც გულით გწადია, მთელი სამყარო დაგეხმარება მის ასრულებაში.“  ამ შემთხვევაში სამყაროში მაღლივი ზუსტ კონტექსტში ჯდება. ურთიერთობები აქ სწავლაზე მეტად ფასობს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სემინარისტი თავისებურია, სემინარზე შესვლის სურვილს მაკარგინებდნენ, არსებობდნენ ისეთებიც, რომელთა სემინარზე შესვლა მიხაროდა და ზოგჯერ დამათებითაც კი ვესწრებოდი.

ახლა მისი ძველი და გახუნებული კედლები, ძველი აუდიტორიები, ხალხისგან მოწყვეტილი შენობა, უღიმღამო ფერიც კი მიყვარს. მიყვარს მაღლივი მთელი გულით და გონებით. მაღლივშიც ცაც კი ნაცრისფერიაო ხშირად ამბობენ, მაგრამ ჩემთვის იქ ყოველთვის ცისარტყელაა ცაზე გამოსახული. მიყვარს აუდიტორიის ფანჯრიდან ყურება და ფიქრი იმაზე, თუ როგორ დავიწყე აქ პირველი დღეები და დღეს როგორ ვგრძნობ თავს. დღესდღეობით უნივერსიტეტში უფრო მეტ დროს ვატარებ, ვიდრე-სახლში.

სახლი, რომელშიც ყველა მათემატიკის მოყვარულს იღებენ. სახლი, რომელშიც მოტივირებული და შრომისმოყვარე ადამიანების გუნდია. სახლი, სადაც ყველა სიყვარულით არის შენს მიმართ და ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერი წამიდან შეიძლება გახდეს შენი საუკეთესო მეგობარი. სახლი, რომლის გამოც ბევრი გათენებული ღამე, დასიებული თვალები, მოკლებული გართობა და მეგობრები გვიღირს. იმიტომ, რომ არასდროს შევარცხვინოთ 100 წლოვანი უნივერსიტეტის სახელი და ყოველთვის ამაყად ვთქვათ, რომ ჩვენ უნივერსიტეტელები ვართ.

მაღლივი არის ურთიერთობა.

 

კომენტარები
Latest posts by Lika Lekashvili (see all)

სიახლეებისთვის მოიწონეთ ჩვენი გვერდი