ბლოგიგაუზიარე გამოცდილება/წარმატებაშემეცნებითი

ინტერვიუ აშშ-ს სტუდენტური გაცვლითი პროგრამის ფინალისტთან, ნიკოლოზ სეფიაშვილთან

ნიკოლოზ სეფიაშვილი ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ბაკალავრის მესამე კურსის სტუდენტია. ცოტახნის წინ დაბრუნდა საქართველოში ამერიკიდან. ნიკოლოზი გახდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სტუდენტური გაცვლითი პროგრამის ფინალისტი და ერთი სასწავლო სემესტრის განმავლობაში სწავლობდა ილინოისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ჩვენ გადავწყვიტეთ მასთან ინტერვიუს ჩაწერა, ნიკოლოზის პირადი გამოცდილების სხვა სტუდენტებისათვის გასაზიარებლად.

– როგორ გაიგე პროგრამის შესახებ?


☼ #თუ ვებ საიტი გჭირდება,უკვე იცი ვისთან იკითხო - ჩვენი პარტნიორია Gmonreal Studio

პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ ინტერვიუსთვის, გამიხარდება თუკი ჩემს მიერ გაზიარებული ინფორმაცია სამომავლოდ გამოადგებათ სტუდენტებს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამის შესახებ შევიტყვე ამერიკის საელჩოს Facebook გვერდიდან. პატარაობიდანვე ერთ-ერთი ჩემი ოცნება და მთავარი მიზანი იყო მესწავლა ამერიკის შეერთებულ შტატებში. სკოლის პერიოდში ვცადე Flex გაცვლითი პროგრამით სწავლის გაგრძელება აშშ-ში, თუმცა ბოლო ეტაპის გადალახვა ვერ მოვახერხე. ამას არ შეუჩერებია ჩემი სურვილი მესწავლა მსოფლიოს წამყვან ქვეყანაში და როდესაც გავხდი სტუდენტი მივიღე მონაწილეობა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოცხადებულ სტუდენტურ გაცვლით პროგრამაში- The Global UGRAD Exchange Program.

The Global UGRAD Exchange Program წარმოადგენს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის გაცვლით პროგრამას ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. პროგრამა საშუალებას აძლევს ნიჭიერ და თავდაჯერებულ, ლიდერული უნარების მქონე ახალგაზრდებს ერთი სემესტრის განამვლობაში მიიღონ სრული დაფინანსება და გააგრძელონ სწავლა აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში, შეიძინონ ახალი მეგობრები, გაიცნონ ამერიკული კულტურა და იქ მყოფ საზოგადოებას წარუდგინონ საკუთარი. სწავლის გაგრძელებასთან ერთად დაგეგმილია სხვადასხვა ინტერაქტიული ღონისძიებები, ოფიციალური ვიზიტი ვაშინგტონში სამიტზე.

– გვესაუბრე თავად პროგრამაზე, რა მოთხოვნები ჰქონდა პროგრამას?

მოთხოვნის ერთ-ერთი მთავარი პირობებია, რომ აპლიკანტი უნდა იყოს არანაკლებ 18 წლის, უნდა სწავლობდეს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებელში, უნდა სწავლობდეს ბაკალავრის საფეხურზე. გაცვლითი პროგრამის დასრულებისა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ სტუდენტს უნივერსიტეტის დამთავრებამდე უნდა ჰქონდეს დარჩენილი სულ მცირე ერთი სასწავლო სემესტრი.

დეტალური ინფორმაცია პირობებისა და პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ვებ-გვერდზე: https://ge.usembassy.gov/education-culture/exchange-programs/global-undergraduate-exchange-program-ugrad-for-undergrads/

– გვესაუბრე საბუთების სამზადისზე, შენს შეგრძნებებსა და განცდებზე

საკმაოდ შრომატევადია საბუთების (აპლიკაციის) შევსება რომელიც შემდგომ საელჩოში უნდა გადაიგზავნოს ელექტრონულად. ორი თვე აქვთ აპლიკანტებს იმისათვის რომ გაამზადონ ყველა საჭირო საბუთი აპლიკაციისათვის, რომელიც ივსება სპეციალურ ელექტრონულ (ონლაინ) პლატფორმაზე. არსებული ორი თვე არის სავსებით საკმარისი კარგი აპლიკაციის დასაწერად, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ აპლიკანტმა უნდა დაიწყოს მისი წერა დროის გადავადებით, იმ იმედით რომ მაინც ეყოფა დრო. როგორც ვთქვი, აპლიკაციის შევსებას საკმაოდ დიდი შრომა და დრო სჭირდება. აპლიკაციის შევსების შემდეგ, მოდის მეორე ეტაპი- სპეციალურ კომისიასთან გასაუბრება საელჩოში, ხოლო ამის შემდეგ TOEFL გამოცდის ჩაბარება.

– რას ფიქრობდი შენს შანსებზე გასამარჯვებლად?

ყველაზე მოუსვნერად ვგრძნობდი თავს ჩემი გასაუბრების შედეგების მოლოდინში, მუდმივად ვუსვამდი ჩემს თავს ერთი და იმავე კითხვას, გადასული ვიყავი თუ არა ფინალში. ფიქრები იყო ნაზავი  პოზიტივისა და რაღაც მხრივ შიშის, თან  მიხაროდა უზომოდ რომ ბოლო ეტაპამდე მივედი, გავიარე გასაუბრება, მაგრამ თან მეშინოდა, რადგან არ ვიცოდი გასაუბრების შედეგი. საბოლოოდ როდესაც გავიგე, რომ გავხდი ფინალისტი ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ოცნება- სწავლა ამერიკაში ასრულებული იყო!!!

– აწ უკვე შერჩეულის სტატუსის შემდგომ რა სირთულეები და გამოწვევები შეგხვდა გამგზავრებამდე?

როდესაც ყველა ეტაპს გაივლი მარტივი პროცედურები გრჩება, უბრალოდ ვიზის გასაუბრებაზე გასვლა და მომზადება ამერიკაში წასასვლელად, რომელიც ასე ძალიან მინდოდა (და გენდომებათ თქვენც სამომავლოდ)!

გამარჯვების შემდეგ ერთადერთი რაც შეიძლება დიდ გამოწვევად ჩაითვალოს ეს არის ამერიკაში წასასვლელი ბარგის შერჩევა 😀 ბარგის რაოდენობა ლიმიტირებულია ხოლო ცხოვრება რამდენიმე თვით გიწევს ამერიკაში, რაც პატარა დრო ნამდვილად არ არის. საკუთარ თავზე გამოცდილებით გეტყვით, რომ მხოლოდ ყველაზე საჭირო ნივთების წაღებაა საჭირო, ბარგის ჩალაგებისას ნუ მიედმოედებით წვრილმანებს. ამერიკაში ჩასვლისას პროგრამაში გამარჯვებულებს გარდა სწავლის, ცხოვრებისა და კვების  დაფინანსებისა, ფულადი სტიპენდიაც ენიშნებათ, რითაც შესაძლებელია საყოფაცხოვრებო თუ პირადი ჰიგიენური მოვლის საშუალებების შეძენა.

– გვესაუბრე შენს ფიქრებსა და განცდებზე გამგაზვრებისას და ჩაფრენისას?

ბოლომდე ნაბიჯ-ნაბიჯ მახსოვს ამერიკამდე ჩასვლის ეტაპები. როგორ ჩავედი ჯერ გერმანიაში, ხოლო შემდეგ გადაჯდომით ამერიკაში, ჩიკაგოს აეროპორტში. რაც ყველაზე მთავარია ამხელა გზაზე მარტოს არ მიმგზავრია, ვიმგზავრე სხვა ამერიკული გაცვილით პროგრამის ქართველ ფინალისტებთან ერთად, რამაც კიდევ უფრო გამიადვილა და გამიხალისა მგზავრობა. ჩიკაგოდან შიდა გადაფრენით გადავედი ბლუმინგტონის აეროპორტში, სადაც დამხვდა ჩემი ამერიკული უნივერსიტეტი- ილინოისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობა და სხვა UGRAD გაცვლითი პროგრამის ფინალისტებთან ერთად გავეშურეთ ჩვენს საუნივერსიტეტო კამპუსში.

ზოგადად ჩემი ამერიკაში ჩასვლა ერთ პატარა თავგადასავალს ჰგავს. იმედენი ძალიან მაგარი  მოულოდნელობა გადამხვდა თავს რომ ახლაც კი მიკვირს და მაოცებს.  როდესაც კამპუსში მივედი, საჭირო იყო ჩემი რეგისტრაცია აღსარიცხად. იქ მომუშავე სტუდენტურ პერსონალს რამდენჯერმე გავუმეორე ჩემი გვარი და სახელი, თუმცა რა თქმა უნდა დაიბნენ, რადგან მათთვის უჩვეულო იყო ქართლი სახელისა და გვარის გაგონება. ბოლოს თვითონვე შემომთავაზეს რომ ჩემი ხელით ჩამეწერა სარეგსიტრაციოდ ჩემი სახელი და გვარი. გვარის ჩაწერისას მოულოდნელად კომპიუტერის ეკრანზე სტუდენტურ ბაზაში ამოვარდა სხვა რეგისტრირებული სტუდენტი გვარად ვინმე “Sepiashvili”, სხვა ქართველი და თანაც ჩემი მოგვარე! ეს რომ დავინახე გავოგნდი, თვალებს არ დავუჯერე. ყველაფერს წარმოვიდგენდი იმის გარდა, რომ ამ სიშორეზე ჩამოსულს ჩემს  ამერიკულ უნივერსიტეტში და თანაც ჩემი საცხოვრებელი კამპუსის შენობაში (რამდენიმე საცხოვრებელი შენობა ჰქონდა უნივერსიტეტს)  ჩემი მოგვარე სტუდენტი დამხვდებოდა.

– როგორ შეეგუე ამერიკას?

ამერიკაში სწავლასა და ცხოვრებას ძალიან მარტივად ავეწყვე. შემიძლია სრული თავდაჯერებულობით ვთქვა, რომ ერთი წუთითაც არ მიგვრძვნია თავი უცხო ქვეყანაში. ყურადღება და პატივისცემას ყოველდღე ვგრძნობდი ამერიკული საზოგადოებისგან. ჩემს ამერიკულ უნივერსიტეტში იყო უზარმაზარი ბირთვი საერთაშორისო სტუდენტების- მთელი სტუდენტური გაერთიანება, რომელიც მინიმუმ კვირაში ერთხელ მართავდა ინტერაქტიულ შეკრებებს/ექსკურსიებს. საერთაშორისო სტუდენტური გაერთიანება აერთიანებდა როგორც ამერიკაში სასწავლებლად ჩამოსულ სტუდენტებს, ასევე ამერიკის მოქალაქეებსაც. ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო უმაგრესი ადამიანი, ნამდვილი პიროვნება, ახალგაზრდა ბიჭი ეგვიპტიდან- მაჰმუდი. სიტყვებით აღწერა უბრალოდ შუძლებელია იმისა თუ რას აკეთებდა ის და მისი გუნდი ამერიკაში ჩასული სტუდენტებისთვის. იმართებოდა უამრავი უფასო ღონისძიება, ექსკურსიები, დაფინანსებული უნივერსიტეტის მიერ. ძალიან კარგად ავეწყე ჩემს სასწავლო რეჟიმს, არ მქონია პრობლემა ამერიკაში ინგლისურად სწავლების, რადგან საქართველოშიც ჩემს უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს სწავლება, შესაბამისად უცხო არ ყოფილა.

ახლაც აქტიური მიმოწერა მაქვს ჩემს როგორც ამერიკელ მეგობრებთან, ასევე ჩემნაირად დროებით სხვადასხვა პროგრამით ჩასულ საერთაშორისო სტუდენტებთან.

– გვესაუბრე გამოწვევებსა და სირთულეებზე, რომელთა დაძლევაც მოგიწია შენი ამერიკაში ყოფნისას

ამერიკაში უფრო მეტად შევეჩვიე დამოუკიდებლ ცხოვრებას. არასდროს მქონია საცხოვრებელში ცხოვრების გამოცდილება. ამერიკაში კამპუსში ცხოვრებამ კი უფრო მეტად დამოუკიდებელი ადამიანი გამხადა, მეტად შემაჩვია თავისუფლებას, რაც ფასდაუდებელი გამოცდილება იყო ჩემთვის.

-რა ისწავლე, როგორ გაიზარდე პიროვნულად?

ამერიკამ ძალიან ბევრი რამ მასწავლა. პირველ რიგში ვიტყოდი, რომ დამანახა სტუმართმოყვარეობა და ამერიკული საზოგადოების დამოკიდებულება ერთმანეთისადმი. დიახ, მე, ადამიანი რომელიც ვარ იმ ქვეყნიდან, რომლისთვისაც ისტორიულად ერთ-ერთი მთავარი კულტურული საყრდენი წერტილი არის ტოლერანტობა და სტუმართმოყვარეობა, გაოცებული დავრჩი ამერიკული ტოლერანტობით, სტუმართმოყვარეობით, იმ სითბოთი და პოზიტივით, რომელიც მუდმივად ტრიალებდა ჩემს გარშემო ამერიკულ საზოგადოებაში.

ამერიკაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩემს შესაძლებლობებში, ვნახე რომ მე ჩემი საქართველოში დაგროვებული ცოდნით დაუბრკოლებლად შევძელი გამეგრძელებინა სწავლა აშშ-ს უმაღლეს სასწავლებელში. გავიცანი უამრავი ადამიანი და ვეზიარე მათ კულტურას, მომეცა საშუალება წარმედგინა ჩემი ქვეყნის კულტურა, ჩავატარე რამდენიმე პრეზენტაცია საქართველოზე. ამერიკაში სწავლის პარალელურად აქტიურად ჩავერთვე სხვადასხვა სამოქალაქო ღონისძიებაში, გავწერვიანდი სტუდენტურ კლუბებში, გავხდი ილინოისის შტატის ეკონომიკის სტუდენტური ასოციაციის საპატიო წევრი.

დავაგროვე მოხალისეობრივი სამუშაო გამოცდილებაც, სწავლის პარალელურად ვმუშაობდი მოხალისედ ერთ-ერთ სამშენებლო ორგანიზაციაში, რომელიც სრულიად უფასოდ, მოხალისეების მიერ შემდგარი ჯგუფით ყოველ წელს ეხმარება ამერიკულ ოჯახებს მათთვის  კერძო სახლის აშენებაში. გამოგიტყდებით და გეტვით, რომ ჩემი ერთ-ერთი სამომავლო ოცნებაა ისევ ჩავიდე ილინოისში და მოვინახულო ის სახლი, რომლის აშენებაშიც მეც რაღაც მცირედი წვლილი მიმიძღვის. ვერ აღგიწერთ რამხელა სიამოვნებას მანიჭებდა ამ კეთილ საქმეში მონაწილეობა.

ასევე ვმუშაობდი მოხალისედ მეთოდისტების ეკლესიაში სასაწყობე განყოფილებაში. კვირაში სამჯერ მეთოდისტური ეკლესია ამერიკაში მცხოვრებ მოსახლეობას სრულიად  უფასოდ ურიგებს საკვებსა და ჰიგიენურ საშუალებებს. ჩემი მოვალებო იყო დავხმარებოდი მათ სათავსოს პროდუქციით გაწყობაში და შემდეგ პროდუქციის მოსახლეობაში დარიგებაში. ჩემს მიერ გამოჩენილი მოხალისეობრივი საქმიანობების გამო, დაჯილდოებული ვარ ამერიკის შეერთებული შტატების ვეტერანთა კავშირისგან სამაგიდო მედლით (challenge coin)- მედალი “გამოჩენილი პატრიოტიზმისათვის”. ჩემთვის უდიდესი პატივია ვიყო ამ ჯილდოს მფლობელი საქართველოდან.

– რჩევა რეკომენდაციები მათთვის ვისაც სურს პროგრამაში მონაწილეობა

ყველა სტუდენტს ვისაც სურს სწავლის გაგრძელება ამერიკაში, უნდა რომ გაეცნოს ამერიკულ კულტურას, შეიძინოს მეგობრები, გაუზიაროს მათ საკუთარი ქვეყნის კულტურა, ვურჩევ არ გაუშვან  შესანშინავი შანსი, მიიღონ მონაწილეობა The Global UGRAD Exchange Program-ში. პროგრამის შედეგად დაგროვილი გამოცდილება იქნება არამხოლოდ თქვენი პირადი კარიერის ზრდის ერთ-ერთი საწინდარი, არამედ ჩვენი ქვეყნის, საქართველოს, საერთაშორისო დონეზე გატანა და პოპულარიზება. თქვენს მიერ დაგროვილი ცოდნით მოგეცემათ საშუალება დაეხმაროთ სხვა სტუდენტებს, გაუზიაროთ თქვენი გამოცდილება და მისცეთ რჩევები, მათ ვისაც სურთ მიიღონ განათლება მსოფლიოს წამყვან ქვეყანაში.

კომენტარები
ტარიელ ლომაია

სიახლეებისთვის მოიწონეთ ჩვენი გვერდი