ბლოგიგაუზიარე გამოცდილება/წარმატება

ინტერვიუ ელექტრონულ სწავლებასთან დაკავშირებით ISET-ის სტუდენტთან,ლიკა ხიზანიშვილთან

ხიზანიშვილი ლიკა არის ISET-ის ბაკალავრიატის საფეხურის მე-2 კურსის სტუდენტი.

– გვესაუბრე რა შეგრძნება გქონდა, როცა გაიგე რომ სწავლა ელექტრონულად იქნებოდა


☼ #თუ ვებ საიტი გჭირდება,უკვე იცი ვისთან იკითხო - ჩვენი პარტნიორია Gmonreal Studio

მაინცდამაინც დიდი აღფრთოვანება არ გამოიწვია ამ ფაქტმა ჩემში. იქიდან გამომდინარე, რომ მეორე სემესტრის დაწყებას, მონატრებულ აისეტში დაბრუნებას და მონატრებული აისეტელების ნახვას ველოდი, საერთოდაც არ გამხარებია ონლაინ რეჟიმის გამოცხადება.

– როგორი იყო შენი მოლოდინები და გამართლდა თუ-არა ის?

არ ველოდი, თუ ამდენად გამართული იქნებოდა სისტემა და სწავლის პროცესი თითქმის სრულყოფილად ჩაივლიდა. მეგონა, ბევრად უფრო გაუგებარი და მოსაწყენი იქნებოდა ლექციები და ვერ შევძლებდი კონცენტრირებას, ვინაიდან ლექციის მოსმენის პარალელურ რეჟიმში სხვა რამითაც გავერთობოდი, რადგან ამის შესაძლებლობა მექნებოდა. რეალობამ ჩემს მოლოდინებს მართლა გადააჭარბა და ამ განვლილი 3 კვირის განმავლობაში სისტემა ბევრად დაიხვეწა და სტუდენტებიც მეტად შევეგუეთ ონლაინ რეჟიმს.

– შენი შეფასებით რამდენად მზად იყო უნივერსიტეტი, ლექტორები და სტუდენტები ელექტრონული სწავლების რეჟიმისთვის?

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ აისეტში ძირითადად ახალგაზრდა ან საშუალო ასაკის ლექტორები გვყავს, არავის გასჭირვებია ონლაინ რეჟიმს მორგებოდა, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიები მათთვის უცხო არაა. რაც შეეხება შედარებით დიდი ასაკის ლექტორებს, ისინიც მალევე მოერგნენ სისტემას, რადგან აისეტში ყოველ ლექციაზე უწევთ მათ გარკვეულწილად თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება. რაც შეეხება სტუდენტებს, თავიდან ცოტა პესიმისტური განწყობა იყო, თუმცა მგონია, ახლა ბევრად გაუმჯობესდა ყველაფერი და ყველამ დავინახეთ, რომ რეალობა ბევრად უკეთესია, ვიდრე წარმოგვედგინა.

– 3 რამ რაც მოგწონს ელექტრონულ სწავლებაში

  • არ გვიწევს დროის ხარჯვა სახლიდან უნივერსიტეტამდე გადასაადგილებლად და უკან.
  • მეორე რაც მომწონს ისაა, რომ ხშირად ლექციაზე შესვლისას წინა ადგილები არ მხვდებოდა თავისუფალი და უკნიდან ლექციის მოსმენა მაინცდამაინც პროდუქტიული არ იყო, ახლა კი ყველას თანაბარი შესაძლებლობა აქვს და ბევრად უკეთესია, როცა ლექტორის ყველა სიტყვა გარკვევით გესმის.
  • ბევრად უფრო მარტივია იმ მასალების შენახვა, რომლებსაც ლექციის განმავლობაში იყენებენ ჩვენი ლექტორები.

– 3 რამ რაც არ მოგწონს ელექტრონულ სწავლებაში

  • შედარებით რთულია კონცენტრირდე ლექციის მოსმენაზე და გონება არ გაგეფანტოს
  • უფრო დიდ დროს ხარჯავენ ლექტორები მასალის ახსნაზე, რადგან ჩვენი სახეების დანახვა არ შეუძლიათ და ვერ ხვდებიან ხოლმე რამეს ვიგებთ თუ-არა და ხსნიან არაერთხელ. ზოგადადაც ონლაინ რეჟიმის შემთხვევაში ბევრად მეტი დრო იკარგება ვიდრე აქამდე.
  • ჩემი აისეტელების ნახვა რომ არ შემიძლია ეგ არის უდიდესი ნაკლი ონლაინ სწავლების.

– რის გაუმჯობესებას ისურვებდი უფრო უკეთესი რომ გამხდარიყო ელექტრონული სწავლება?

სმართბორდები ჭედავს ხოლმე ზოგჯერ და ძალიან იშვიათად მაგრამ მაინც კავშირი იკარგება, რაც ალბათ ინტერნეტის ბრალია.(დანარჩენი ყველაფერი გამართულია)

– საშუალება რომ გქონოდა გაივლიდი თუ არა მთლიან ბაკალავრიატს ელექტრონულად?

არ მსურს, მთელი ბაკალავრიატის ელექტრონულად გავლა და მინდა რაც შეიძლება მალე დავუბრუნდე ჩვეულ, აისეტურ ცხოვრებას.

კომენტარები

სიახლეებისთვის მოიწონეთ ჩვენი გვერდი