გაუზიარე გამოცდილება/წარმატება

ინტერვიუ ISET-ის პირველ შთაბეჭდილებასთან დაკავშირებით სტუდენტთან, სიმონ ათოშვილთან

– როგორ გაიგე ISET-ის შესახებ?

პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ სანამ საბოლოოდ გადაწყვეტთ თუ რა პროფესიას აირჩევთ, კარგად დაფიქრდით. თუ რამდენიმე ვარიანტი გაქვთ რომელზეც ფიქრობთ, მოიძიეთ შესაბამისი წყაროებიდან მოკლე ინფორმაცია თუ რას ეხება კონკრეტულად ესა თუ ის პროფესია და რა საქმის გაკეთება მოგიწევთ.

მე ვსწავლობ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET). მათემატიკა ბავშვობიდან მიყვარდა და საკმაოდ კარგადაც გამომდიოდა. ჯერ კიდევ პატარა ვიყავი როდესაც “გადავწყვიტე” ჩემი ნათესავისთვის მიმებაძა, რომელსაც ბიზნესის ადმინისტრირება აქვს დამთავრებული და საკმაოდ წარმატებული პიროვნებაა, ეს, რა თქმა უნდა, ბავშვური ხედვა იყო.

მოგვიანებით, როდესაც გავიზარდე და მეტად ჩამოვყალიბდი, ჩემს ინტერესის სფეროში მოექცა პოლიტიკა და ეკონომიკა, თუმცა საბოლოოდ ეკონომიკა გადავწყვიტე რადგან იგი მომავალში ცხოვრების გაგრძელების უფრო მრავალმხრივ გზას მომცემს ვიდრე პოლიტიკა.

– თავიდანვე გადაწყვეტილი გქონდა აქ ჩაბარება?

თავდაპირველად, მე-12 კლასის დასაწყისში თსუ-ს ეკონომიკა მქონდა გადაწყვეტილი, რომელიც უფასო ფაკულტეტი იყო მაშინ და არც მაღალი ქულები იყო საჭირო მოსახვედრად. რამდენიმე თვეში ჩემი მეგობრისგან შევიტყვე ISET-ის შესახებ, რომელიც დასავლური დონის განათლების მიღებას გვთავაზობდა, ასევე ინგლისურ ენაზე მიღებული განათლება სამომავლოდ ევროპაში გზის გასაკვალად გამომადგებოდა და ძალიან დავინტერესდი. მალევე გადავწყვიტე პირველ პრიორიტეტად დამეწერა და მათემატიკის მეცადინეობა საგრძნობლად გავზარდე. საკმაოდ კარგი ქულები ავიღე და უპრობლემოდ ჩავირიცხე.

– როგორი იყო სწავლის დაწყების პირველი კვირა, გვესაუბრე პირველ შთაბეჭდილებებზე და რამდენად მარტივად შეეგუე გარემოს?

პირველ კვირას ამერიკელმა ლექტორმა ბილ აპლმანმა მოსამზადებელი კურსი გაგვატარა, რაც ძალიან საინტერესო და გამოსადეგი აღმოჩნდა მიკროეკონომიკის პრინციპების შესწავლაში. ჩემი პირველი შთაბეჭდილებები დადებითი იყო როგორც ჩემი კურსელების ასევე ლექტორების მიმართ. გარემოს და ერთმანეთს მარტივად შევეგუეთ და პირველივე კვირაში დავმეგობრდით. თავიდან ვფიქრობდი, რომ ინგლისურად ლექციების მოსმენა გამიჭირდებოდა, მაგრამ საბედნიეროდ ეს ასე არ აღმოჩნდა. გრაფიკიც არ იყო დატვირთული და გასართობადაც გვრჩებოდა დრო.

– როგორი იყო შენი მოლოდინები და რამდენად გამართლდა?

ჩემი გადაწყვეტილების მართებულობაში (ISET-ში ჩაბარებას ვგულისხმობ) ძალიან დარწმუნებული ვიყავი, რადგან მართლაც ვერ ნახავთ საქართველოში და მთლიანად რეგიონში მასზე კარგ ადგილს ეკონომიკის შესასწავლად. ჩემმა მოლოდინებმა ნამდვილად გაამართლა და ISET-ურ ცხოვრებას სიხარულით შევუდექი.

– როგორც უკვე ვთქვით მეორე სემესტრის სტუდენტი ხარ, გვესაუბრე იმ სირთულეებზე და გამოწვევბზე, რომლებთან გამკლავებაც მოგიხდა პირველ სემესტრში

პირველი სემესტრის დაწყებამდე ვფიქრობდი, რომ სწავლა ძალიან რთული იქნებოდა მაგრამ ასე არ აღმოჩნდა, თუ პროგრამას კარგად მიჰყვებით არ გაგიჭირდებათ სასურველი შედეგის მიღწევა. დიდ სირთულეებს ნამდვილად არ გადავყრილვარ გასულ სემესტრში, თუ არ ჩავთვლით კომპიუტერულ ლიტერატურას, მას კურსელების უმეტესობა და მათ შორის მეც ნაკლები სერიოზულებით მივუდექით და რომ არა ლექტორებისგან გამოჩენილი სიკეთე (გამარტივებული დასკვნითი გამოცდა), მას კარგი ქულით ვერ დავხურავდით. ყველა საგნის მასალას სრულად ან ნაწილობრივ მაინც მივყვებოდი და გამოცდების კვირისთვის კი 1 კვირით ადრე ვიწყებდი მზადებას, საბედნიეროდ შედეგიც არ აყოვნებდა, საბოლოოდ კი სემესტრი წარმატებით დავასრულე.

– გვესაუბრე ადმინისტრაციაზე, ლექტორებზე, ლექცია-სემინარებზე და ზოგადად როგორია სასწავლო გარემო ISET-ში?

ISET-ის ადმინისტრაცია ძალზედ მოწესრიგებულია, ისინი ყველა ვითარებაში ეფექტურ გადაწყვეტილებებს იღებენ და ნებისმიერ სიახლეს ან/და ცვლილებებს მომენტალურად გვატყობინებენ სპეციალურად შექმნილი მეილების მეშვეობით. მრავალ სხვა უნივერსიტეტსა თუ ფაკულტეტზე ეს საკითხები კვლავ მოუგვარებელია. ვთვლი რომ ISET ამ მხრივაც ერთ-ერთი საუკეთესოა.

ლექტორებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ყველა იდეალური ვერ იქნება და არც არის. ზოგადი შეფასება მათ მიმართ დადებითია. თავიანთი საქმე კარგად გამოსდით და არც სტუდენტების გამოჭერასა და ჩაჭრაზე არიან ორიენტირებულნი.

სემინარისტებმაც შესანიშნავად იციან თავის საქმე. ისინი ძალიან მეგობრულები არიან და დიდ დახმარებას გვიწევენ არა მხოლოდ სემინარებზე. ნებისმიერ დროს მზად არიან ჩვენს კითხვებს უპასუხონ სემინარის გარეშეც.

 – და ბოლოს გვესაუბრე შენი აზრით რა გამოარჩევს ISET-ს სხვათაგან და რატომ უნდა გადაწყვიტოს აბიტურიენტმა აქ ჩაბარება

ამ კითხვის პასუხს ვფიქრობ ნაწილობრივ უკვე ხვდება მკითხველი. თუ ეკონომიკის შესწავლა ნამდვილად გსურთ საქართველოში უკეთეს ადგილს უბრალოდ ვერ იპოვით. კვალიფიციური ლექტორები, ინგლისურენოვანი, დასავლურ ხარისხთან მაქსიმალურად მიახლოვებული განათლება, ღირსეული, მეგობრული სემინარისტები და ეფექტური ადმინისტრაცია. ეს ჩვენი უპირატესობების არასრული ჩამონათვალია. სტუდენტების უმეტესობა მიზანდასახული, ამბიციური და სწავლაზე ორიენტირებულია, ჯანსაღი კონკურენცია კი დამატებით სტიმულს იძლევა უკეთესად სწავლისთვის. ლექცია-სემინარების გრაფიკის შედგენა ნაწილობრივ ჩვენზეა დამოკიდებული და ესეც ერთ-ერთი დადებითი მხარეა. ყოველ სემესტრში 2 შუალედური და 1 დასკვნითი გამოცდაა, შესაბამისად თითქმის ყველა საგანში ქულების 80-90% მათზეა დამოკიდებული. ერთის მხირვ 3 გამოცდა გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს, მაგრამ მეორე მხრივ ეს სისტემა საკმაოდ კარგი და დადებითი შედეგის მიღწევის საშუალებას იძლევა ლექციებზე დასწრების გარეშეც კი.

კომენტარები

სიახლეებისთვის მოიწონეთ ჩვენი გვერდი