ბლოგი

მე მაღლივამდე

აბიტურიენტობის “მშვენიერი” პერიოდი მარტივად დაიწყო. მარტივად ავირჩიე პროფესია, რომელიც მათემატიკის სიყვარულმა ამარჩევინა, თუმცა გზადაგზა იმაზე მეტი სირთულე შემხვდა ვიდრე ველოდებოდი ან მზად ვიყავი ან, ჯანდაბას, საერთოდ წარმომედგინა. გარკვეული მიზეზების გამო სკოლაში თბილისის ერთი ბოლოდან მეორეში ყოველდღე მიწევდა სიარული. დღეში ორი-სამი საათი მარტო მგზავრობას ვანდომებდი, ისიც მხოლოდ იმიტომ რომ ძველი თაობის პროფესიამოძულებული მასწავლებლებისთვის ცალი თვალით შემეხედა და კლასის ბოლოში მიჩქმალული მერხების უკან დღეების უძინარს ბავშვების ჩანთებზე მიმეთვლიმა.                             გაგიკვირდებათ და ერთხელ პაწაწკუნტელა ბალიშიც კი წავიღე გამოსაძინებლად, თუმცა პინგვინა დირექტორმა წამართვა და იმ დღეს მორალურად განადგურებულს სულ ღრუბელივით რბილი და თბილი ბალიშები მესიზმრებოდა, არადა სინამდვილეში ფიზიკის წიგნზე ვიყავი მოკალათებული. სკოლაში უკვე დაღლილი მისული, უკან ორმაგად გადაღლილი და გამოფიტული დაბრუნებული, ულიფტობის გამო მეცხრე სართულზე ფეხით ავდიოდი, რომ ცოტა კუჭი გამეხარებინა და რამე მაინც შემესანსლა დარდის გადაყოლების მიზნით. ეგრევე რუსულზე გავრბოდი და ნახევრადმკვდარი ვეჯექი რეპეტიტორს. ყოველდღე მყავდა მასწავლებლები, ყოველდღე მითანაგრძნობდა თითოეული, გადაგეტვირთა ორგანიზმი, დასვენება გესაჭიროება სასწრაფოდო, სხვა მასწავლებელს უთხარი დაგასვენოსო :))). საბოლოოდ კი არცერთი მასვენებდა მაღალი ქულებისა და რეპუტაციის გაუმჯობესების მოლოდინში. დაღლილ-დაქანცულს სააბაზანოში ჩამეძინა და აი სწორედ მაშინ გამოვიძინე გემრიელად და, კმაყოფილი, ღმერთს მადლობას ვწირავდი თბილი წყლის და აბაზანის მარილის არსებობისთვის.
აბიტურიენტობამ გამალოთა მე! მამაჩემს წითელ ღვინოს ვპარავდი ხოლმე და მეორე დღისთვის ვინახავდი. სანამ სამეცადინოდ წავიდოდი გადავკრავდი ერთ ჭიქას ხასიათის გამოსაკეთებლად, შევჟუჟუნდებოდი ცოტას და გავუყვებოდი გზას. მართალია ცოტა ლოყები შემიწითლდებოდა ხოლმე, მაგრამ ,სამაგიეროდ, ჯგუფელებს და მასწავლებლებს მხიარული და კომუნიკაბელური ადამიანი ვეგონე. პოზიტიურიც კი ვიპოვე ამ საცოდავ და სატირალ ამბავში.
ქართულის გაკვეთილი იყო რაღაც სასწაული, აი ძალიან რომ გინდა სიცილით მოკვდე, თუმცა ქართულის მასწავლებელი არ გაძლევს უფლებას, მაგრამ მასაც წამოსკდებოდა ხარხარი და ერთად ვიცინოდით ხოლმე. ასეთი წესი ჰქონდა- ყოველ შაბათს იმიტირებულ გამოცდას ატარებდა, წინა წლის ბილეთებს გვაძლევდა და ჩვენს შესაძლებლობებს ამოწმებდა. ალბათ ერთადერთი ბავშვი ვიყავი, ვინც ცდილობდა ნორმალურად დაეწერა, მაგრამ მაგასაც ვერ ვწერდი. 2-2 საათი იქ ჯდომა, შემდეგ რუსულის გაკვეთილი და კიდევ მათემატიკა-ამიტომაც მეზიზღება შაბათი დღე დღემდე (შიშები ვერ მოვიშორე რა).
ახალი წლის წინა დღეს მათემატიკის მასწავლებელთან დავლიეთ მე და ჩემმა მეგობარმა. რა გაკვეთილი, რის გაკვეთილი, ქალმა სუფრა გაგვიწყო, ღვინო გაგვასინჯა- მაგის მერე მსგავსი გემოსი ვერაფერი ვიგემე. შოკოლადები, ხაჭაპურები, ლობიანები, სახლში არ მაჭმევდა დედაჩემი- სტუმრებისთვისააო, მასწავლებელთან გავძეხი გემრიელად, ვიქეიფე და წამოვედი. გზაში შეზარხოშებული ზღარბი ამიყვანია ხელში, მთელი გზა მიტარებია და ბალახებში გამიშვია. დედაჩემს გაუხარდა ქეიფის ამბავი- სახლში აღარ შეჭამო, მაგრამ მან რა იცოდა ახლა რომ ვიქოქებოდი.:დდდ მოკლედ ახალ წელს დავისვენე ერთი კვირა, შემდეგ ისევ ის რუტინა დაიწყო, რომელიც აქამდე მღლიდა და ძალას მართმევდა, მაისში უკვე გამოფიტული ვიყავი, მაგრამ მაინც მივიტანე თავი ბოლომდე, მაინც მივედი გამოცდებამდე და უკვე რომ მკიდია ქულები-აი ისე შევედი გამოცდებზე. აბიტურიენტების ნერვიულობას რომ ვუყურებდი ჩემთვის ვხითხითებდი, ბოლოს კი დავრჩი ჩახითხითებული მაღლივში მოხვედრის გამო, მაგრამ ბედისწერას ვერ შეცვლი. ხოდა 15 ივლისს მათემატიკის გამოცდიდან გამოვედი ბედნიერი, თითქოს ღრუბლებში დავფრინავდი, უკან ცისარტყელა და ვარსკვლავები ანათებდნენ და ჩემთან ერთად აღნიშნავდნენ ამდენი წვალების, ცრემლის, ტკივილის დასრულებას. გეპეის წინ გაჩერებაზე დავდექი და გემრიელად ამოვისუნთქე.
მთელი ზაფხული ნერვიულობაში გავატარე, ყველა 100იანს ელოდება ჩემგან და ვაი იმედების გაცრუება არ მაწყობს თქო, მაგრამ უნარების 64 რომ გავიგე ხელი ჩავიქნიე და გადავაბრალე- გადამღალეს, ზედმეტად გამომწურესთქო ( მაგრამ ვის დავადანაშაულებ გარდა ჩემი თავისა, უყურადღებობამ იცის). შემდეგ რუსულის 91, მათემატიკის 49 და საბოლოოდ ქართულის 74. ქართულმა გამახარა და დანარჩენს სულ ცრემლებით ვუყურებდი. ვერ ვხვდებოდი 70 იანი იყო თუ 100იანი, უნივერსიტეტიც ბოლოს გადავწყვიტე, თავისუფალში მინდოდა, მაგრამ რაამბავია 3000 ლარი გრანტით, გადამეკიდნენ გინდა თუ არა ჯავახიშვილში უნდა ჩააბარო, დედა უნივერსიტეტია, საუკეთესოაო. დავუჯერე. ასე მოვხვდი მაღლივში, ბიზნესის ფაკულტეტზე 70 %იანი გრანტით. რა ვიცოდი სად მოვდიოდი, გამოუთლელმა რა ვიცოდი რა დამხვდებოდა, თორემ 11 აგვისტოს ხომ მომტყდებოდა მარჯვენა ხელი მაღლივის ჩაწერისთვის-ღვთის წყრომა და ჯოჯოხეთის ცეცხლი!!
აი დადგა სანატრელი 26 სექტემბერიც და ვდგავარ საცოდავად უნივერსიტეტის წინ გაჩერებაზე. ვითომ აქაური არ ვარ, ვითომ მარშუტკას ველოდები და სადაცაა “ჯოჯოხეთს” გავშორდები. მოკლედ როგორღაც გავიცანი ჯგუფელები, რომლებთანაც მთელი ერთი სემესტრის გატარება მომიწევდა, სხვათაშორის დღემდე ერთად ვართ ყველანი და ერთურთი არ დაგვიკარგავს, რჩევა იქნება პინგვინებისთვის- შეინარჩუნეთ პირველი სემესტრის ჯგუფელები, მათზე კარგად სხვების გაცნობა გაგიჭირდებათ.
დიდი ამბიციებით შევაბიჯე მაღლივის ზღურბლზე, აქაოდა სტიპენდია უნდა ავიღო, იქაოდა საგრანტოზე სულ 100იანს დავირტყამმეთქი. ოცნებას ხომ არ აქვს საზღვარი?? ჩემს შემთხვევაში არარსებულ საზღვარს სინათლის სიჩქარით ჩავუქროლე. იმიტომაცაა სტიპენდიანტიც ვარ და სტიპენდიანტიც. არაუშავს, მარტივია, შემდეგ სემესტრში თავს დავაკლავ, ისე ვისწავლი სულ ვარსკვლავებს დავკრიფავთქო- ვფიქრობდი ჩემთვის. ჰო კი, ახლაც ავიღე და GPAც 4 ზეა გაყინული.ეს ხუმრობით,  სადაა კაი ჯპა , 2.8 ს ძლივს ქაჩავს. მთავარია მოვინდომე, მაგრამ არ აღმოჩნდა საკმარისი ჩემი თავგამოდება, შემდეგ სემესტრში მაინორად მათემატიკის აღებას ვგეგმავ, რომ სტიპენდია რთული საგნების დახმარებით გავინაღდო.
ცოტა არ იყოს მომბეზრდა მხოლოდ უნივერსიტეტში ლექციებისა და სემინარების გამო სიარული, ამიტომ ძალიან კარგი ადამიანის რჩევითა და დახმარებით მალევე გავწევრიანდი თვითმართველობაში, კერძოდ განათლების დეპარტამენტში. სიტყვებით ვერ აღვწერ როგორი სიტუაცია დამხვდა, ასეთი საყვარელი, ასეთი კარგი ხალხი ერთად არ მინახავს , და მიხაროდა მათი ნაწილი რომ გავხდი. მართალია, პირველ სემესტრში აქტიურობა ვერ შევძელი და ბავშვებიც ნაკლებად გავიცანი, მაგრამ მეორე სემესტრში უკვე ყველას ვიცნობდი, მათთან გატარებულ არცერთ წუთს არ ვნანობ და მიხარია რომ განათლების დეპარტამენტის საპატიო წევრი ვარ.
ამდენი ლაპარაკი იმისთვის დამჭირდა რომ საბოლოოდ ვთქვა- მაღლივი არის ურთიერთობა. ბევრი იმედგაცრუება შემხვდა, ბევრი წარმატება, მრავალფეროვანი წელი გამომივიდა ,რითაც ძალიან ვამაყობ. მოხარული ვარ, იმით რომ მე დღეს მაღლივის ნაწილი ვარ და კიდევ სამი წელი ვიქნები. მე და მაღლივს გვიყვარს ერთმანეთი, და ეს ასე იქნება სულ!

კომენტარები
Latest posts by ია ქარჩავა (see all)

სიახლეებისთვის მოიწონეთ ჩვენი გვერდი