ბლოგი

,,პინგვინებს” გასამხნევებლად

ბევრი ვიფიქრე, რა მეთქვა ისეთი, თქვენთვის თავი რომ არ შემეწყინა.  მეორე კურსზე ყოფნა საკმაოდ უჩვეულოა:  ახალბედა აღარ გქვია, მაგრამ  დიდი გამოცდილებითაც ჯერ კიდევ ვერ დაიკვეხნი. თუმცა, ალბათ, შევძლებ რამდენიმე თქვენთვის სასარგებლო რჩევის მოცემას.

,,პინგვინობა” ამაღელვებელიცაა და დამღლელიც.  შენი ცხოვრება თვალის დახამხამებაში იცვლება. ეროვნული გამოცდების სტრესს ჯერაც არ გაუვლია, რომ გიწევს ახალ გარემოს, ადამიანებს შეეგუო, შეეჩვიო და არ ჩამორჩე.  დიახ, ყველაზე ძნელი სწორედ ისაა, რომ არ ჩამორჩე. უნივერსიტეტის პირველი წელი მალევე მიგახვედრებს, რომ დრო სწრაფად გადის და შიშიც შეგიპყრობს, რომ შეიძლება, ვერც კი მოასწრო ადაპტირება, უკვე ფინალურ გამოცდებს აბარებდე და მთელი საუნივერსიტეტო წლის განმავლობაში ისეთი მნიშვნელოვანიც არაფერი გქონდეს გაკეთებული.  ამას არაუშავს. უპირველესად, ჯობია გაიაზრო, რომ ყველა შენს დღეშია  და ეს ოდნავ, მაგრამ ამსუბუქებს დასაწყისის სიმძიმეს.


☼ #თუ ვებ საიტი გჭირდება,უკვე იცი ვისთან იკითხო - ჩვენი პარტნიორია Gmonreal Studio

კიდევ ერთი ფაქტორი სახლია. ოჯახთან განშორება ძნელია, მაგრამ თავი უნდა დაირწმუნო, რომ ეს საჭიროა. ვერასოდეს განვითარდები, თუ კომფორტის ზონას არ მოწყდები. პირველი სემესტრი ჩემთვის საკუთარ თავთან ბრძოლა უფრო იყო, ვიდრე ქვეყნის პირველ უნივერსიტეტში სწავლით განცდილი ბედნიერება.  თავიდანვე უნდა გაიაზროთ, რომ ბევრი სირთულე იქნება: სახლი საჭმლის გარეშე, უმცროსი დედმამიშვილის გარეშე, ან  პრობლემები იმ ადამიანებთან, ვისთანაც ამიერიდან იცხოვრებთ. ყველაფერი ჩაივლის და წარმატებისკენ პირველ დამოუკიდებელ ნაბიჯებსაც გადადგამთ. თქვენ ეს შეგიძლიათ!

შეეცადეთ, არც ერთი შესაძლებლობა, რომელსაც ეს წელი მოგიტანთ, ხელიდან არ გაუშვათ. ტრენინგები თუ ღონისძიებები გამუდმებით ტარდება, თითოეული მათგანი მინიმუმ ბედნიერ წუთებს, მაქსიმუმ ახალ ცოდნას შეგძენთ, ახალ ადამიანებს გაგაცნობთ.  არცერთი ახალი გამოწვევის არ შეგეშინდეთ. თითოეული ადამიანი შესაძლებლობების სრულ კომპლექტს ფლობს და საკმარისია, მხოლოდ მცდელობის შიში დავძლიოთ, რისკზე წასვლა შეგვეძლოს. ბოლოს საკუთარი თავის გამოწვევით კმაყოფილი ისევ თქვენ დარჩებით და თვითშეფასებაც აგიმაღლდებათ.

არ შეიძლება, არ აღვნიშნო, რა ცუდია, როცა საბოლოო გამარჯვებამდე სულ ცოტა გაკლდება. თუნდაც იმიტომ, რომ თორმეტიდან ექვსი საგანი 90 ქულაზე დავხურე .. ეს ერთი ქულა გიჩენს განცდას, რომ მთელი სემესტრი წყალში გადაყრილია, რომ არაფერი გიკეთებია, მაგრამ რეალურად ხომ ასე არაა. ნუ, იქნებ ასეც იყო? მაგრამ თუ არ იყო, ამან არ უნდა გაგანადგუროთ. თუ ახლა არა, სხვა დროს იქნება ზუსტად ისე, როგორც გსურთ. მთავარია, ყველაფერი გააკეთოთ მიზნის მისაღწევად.

გამიხარდება, თუ ეს ტექსტი მცირედით მაინც წაგადგებათ.  დასკვნისათვის, ერთს კიდევ გირჩევთ: ადამიანმა დიდი მიზნები უნდა დაისახო და მისკენ პატარა ნაბიჯებით განაგრძო სწრაფვა.  მე ჟურნალისტიკაზე ვსწავლობ და, როგორც ადრე ჩემმა მეგობარმა მირჩია, ვფიქრობ, რომ ოდესმე ,,ნიუ-იორკ თაიმსისთვისაც” დავწერ. თქვენ შეგიძლიათ  ნებისმიერი ერთი შეხედვით შეუძლებელი შეძლოთ, მთავარი საკუთარი თავის რწმენა, შეუპოვრობა და დაბრკოლებების გადალახვისას იმაზე ფიქრია, რომ ეს გაივლის და წარმატება უთუოდ წინ გელოდება. ❤

კომენტარები

სიახლეებისთვის მოიწონეთ ჩვენი გვერდი