ბლოგიშემეცნებითი

მოსაზრებები ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტზე

,,ნაფიც მსაჯულთა სასამართლო დემოკრატიის  ყველაზე უკეთესი და ამავდროულად ყველაზე უარესი მონაპოვარია“ – ამ სიტყვებით იწყებს სამართლის ამერიკელი პროფესორი, ჯეფრი აბრამსონი, თავის ნაშრომს ,,ჩვენ, ნაფიცები“.[1] ეს სიტყვები ყველაზე ნათლად გამოხატავს, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო წინააღმდეგობებით სავსე ინსტიტუტია. აბრამსონის ასეთი ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასება ნამდვილად არ არის უსაფუძვლო. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განვითარების ისტორია და გამოცდილება ნამდვილად გვაძლევს იმის საფუძველს, რომ, ერთი მხრივ, ვამტკიცოთ მისი სიკეთე და მეორე მხრივ, მისი ნაკლოვანება. თუმცა სანამ რომელიმე მხარეზე დავდგებით და ჩვენც საზოგადოების იმ ნაწილს შევუერთდებით, რომელსაც უკვე აქვს ცალსახად ჩამოყალიბებული აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით, მანამდე კარგად უნდა შევისწავლოთ და გავაცნობიეროთ ცივილიზაციის ერთ-ერთი ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი წარმონაქმნის, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის, არსი და დანიშნულება.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ჩანასახი ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში გაჩნდა. დღევანდელი გაგების ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის არსებობის ოფიციალური აღიარება 1215 წელს მოხდა, როცა მეფე ჯონ უმიწაწყლომ ხელი მოაწერა ,,მაგნა კარტას“. ეს არა მხოლოდ ინგლისის, არამედ მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია.ცალკეულ მუხლებში კი ხაზი ესმებოდა სასამართლოს დამოუკიდებლობას,  დოკუმენტი ასევე ადგენდა, რომ ნებისმიერი დიდგვაროვანი თუ რიგითი მოქალაქე უნდა განესაჯათ თავად მოქალაქეებს.[2]

მიუხედავად ძველ დროში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ბევრი ნაკლისა, მან დიდი როლი შეასრულა სამართლის სისტემაში და მისი უკეთესობისკენ შეცვლაში. რატომ უკეთესობისკენ? უდავოა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო თავიდანვე დემოკრატიის საფუძველზე შეიქმნა, დემოკრატია კი, როგორც ლინკოლნი ამბობს – იმართება ხალხის მიერ და ხალხისთვის”[3]. დემოკრატია მმართველობის ის ფორმაა, რომელიც იდეალურთან, სხვებთან შედარებით, ახლოს მაინც დგას. დროთა განმავლობაში საზოგადოებასთან ერთად ინსტიტუტმაც განიცადა ევოლუცია და გახდა ნამდვილი დემოკრატიული სახელწიფოს ერთ-ერთი განმსაზღვრელი ნიშანი.

რა ვითარებაა დღეს? რა თქმა უნდა, დროსთან ერთად ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი უფრო დაიხვეწა და განვითარდა, მიუხედავად მისი სიძველისა, ის ისევ ძლიერი ინსტიტუტია, გაზრდილია მისი დამოუკიდებლობის ხარისხი და მის მიმართ საზოგადოების ნდობაც, რაზეც რამდენიმე ფაქტიც მეტყველებს: დიდ ბრიტანეთში ბრალდებულთა უმეტესი ნაწილი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ირჩევს იმ რწმენით, რომ აქ გამართლების მეტი შანსია, ვიდრე ერთპიროვნულად საქმის განმხილველი მოსამართლის პირობებში. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა დიდი განვითარება ჰპოვა აშშ-შიც, სადაც ინსტიტუტმა უდიდესი წვლილი შეიტანა ამერიკის სასამართლო ხელისუფლებისადმი ნდობის განმტკიცებაში.

რაც შეეხება საქართველოს, მართალია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი 2010 წლის პირველი ოქტომბრიდან მოქმედებს და შესაბამისად ქართული საზოგადოება  ახლა ,,უგებს გემოს“, მაგრამ, სინამდვილეში, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ღრმა ფესვები აქვს საქართველშიც. ჯერ კიდევ ილია წერდა ,,მსაჯული ის რჩეული კაცია, რომელსაც აბარია ჩვენი ქონება, ჩვენი ღირსება, ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი სული და ხორცი. ერთის სიტყვით, ჩვენი კაცური კაცობა, ჩვენი ადამიანობა. იგი განხორციელებული ნიმუშია და განსაკუთრებული სინდისია მთელი ერისა, ერის უკეთეს კაცთაგან შეძლებისამებრ გაწმენდილი და კუთვნილ სიმაღლეზე დაყენებული,”-[4]  შეიძლება ასეთი შეფასება გადამეტებულია, მით უმეტეს, დღევანდელი რეალობისთვის, მაგრამ ეს სიტყვები ნათელს ჰფენს, თუ რა სოციალური დანიშნულება აქვს მსაჯულს.

თანამედროვე საქართველოში, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, სადაც ნაფიცთა ინსტიტუტი არსებობს, დღესაც მიდის დავა ამ ინსტიტუტის არსებობის საჭიროების შესახებ.

აზრთა სხვადასხვაობა გასაგებიცაა თავად ინსტიტუტის რთული ბუნების გამო. ამ რთულ სისტემაში კი რამდენიმე გამოკვეთილი საერთო პრობლემური საკითხია:

კომპეტენტურობა– ,,როგორ შეიძლება ჩვეულებრივმა მოქალაქემ დაასკვნას განსასჯელის ბრალეულობა?“ , ,,მოსამართლე და იურისტები რისთვის არიან ?“ – ეს ის რიტორიკული შეკითხვებია, რომლებსაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მოწინააღმდეგეები სვამენ. ერთი შეხედვით მათი შეხედულება მართებულია, ნაფიც მსაჯულთა რიგში ხომ სწორედაც, რომ იურიდიული განათლების არმქონე პირებს ნიშნავენ, ადამიანებს რომლებმაც არ იციან კანონები და არ იციან სამართლოს საკითხები, ხოლო მოსამართლემ, რომელმაც უამრავი წელი შეალია თავის კარიეულ განვითარებას, ახლა უბრალოდ სხდომის დამკვირვებლის როლი უნდა შეასრულოს. მაგრამ, მეორე მხრივ, სისხლის სამართლის საქმეები, რომლებსაც განიხილავენ ნაფიცები (საუბარი მაქვს საქართველოზე და მსგავს ქვეყნებზე, სადაც ისინი  მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავენ), უმეტეს შემთხვევაში, არ წარმოადგენენ ისეთი სირთულის საქმეებს, რომ საშუალო განათლების მქონე ადამიანმა ვერ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. მარტივად რომ ვთქვათ, თუნდაც მკვლელობის საქმეზე, თუ პროკურორი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს (მკვლელობის იარაღს, ექსპერტიზის დასკვნას თითის ანაბეჭდზე, მოწმეებს), მარტივია, მოქალაქემაც გამოიტანოს დასკვნა და ამას არ სჭირდება სპეციალური იურიდული განათლება, ასე რომ, სისხლის სამართლის საქმეები ძირითადად არის რიგითი მოქალაქისთვისაც დაძლევადი.

სანდოობა– ნაფიც მსაჯულთა მიმართ სანდოობა ჯერ კიდევ დგას ეჭვქვეშ, განსაკუთრებით, ისეთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. ისტორიული კონტექსტიდან გამომდინარე, საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ გამოსულა წარსულის ზეგავლენიდან. საზოგადოების უნდობლობა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მიმართ განპირობებულია იმ მწარე გამოცდილებით, რომლებიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ფიქციურმა ,,სახალხო მსაჯულებმა“ წარმოშვა. სანდოობის მხრივ პრობლემის წინაშე იდგა თავის დროზე აშშ-ც. აღსანიშნავია, რომ აშშ-ში, როგორც ინგლისის კოლონიაში ,ინგლისის გავლენით გავრცელდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, რომელიც ინგლისის ხელისუფლების მიერ იმართებოდა. ჯერ კიდევ თომას ჯეფერსონი ამბობდა, რომ ბრიტანეთი ხშირად უცერემონიოდ ახორციელებდა დაუშვებელ, უკანონო ზემოქმედებას ნაფიც მსაჯულთა ნიველირების მიზნით[5]. თუმცა აშშ-მ წლების განმავლობაში შეძლო სასამართლოს სისტემაში ნანატრი დამოუკიდებლობის მოპოვება.

აღსანიშნავია, რომ სანდოობის და დამოუკიდებლობის პრობლემა, შესაძლოა, იდგეს არამხოლოდ მსაჯულთა, არამედ პროფესიონალი მოსამართლეების მიმართაც. მეტიც, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სწორედ ის მექანიზმია, რომელიც ამცირებს ხელისუფლების მხრიდან მართლმსაჯულებაზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობებს, ვინაიდან მხოლოდ მარტივი არითმეტიკიდანაც ცხადია, რომ ერთ ადამიანზე (პროფესიონალ მოსამართლზე) გაცილებით მარტივია ზეგავლენის მოხდენა, მისი დაშანტაჟება, მუქარა ან მასთან გარიგება, ვიდრე თორმეტზე. საქართველოში ამ ინსტიტუტის შემოღების ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი სწორედ ის იყო, რომ სასამართლო ხელისუფლების (და თავად მოსამართლეების) მიმართ საზოგადოებაში არსებობდა მაღალი უნდობლობა და ადამიანებს არ ჰქონდათ არანაირი განცდა, რომ მოსამართლის მიერ საქმის გადაწყვეტა ობიექტურად, ყოველგვარი ზეგავლენის გარეშე, დამოუკიდებლად ხდებოდა.

ნულიფიკაცია– ეს ალბათ ყველაზე პრობლემური საკითხია ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის არაპროგნოზირებადი ხასიათის გამო. ნულიფიკაცია ანუ შემთხვევა, როცა საქმეში უხვადაა გამამტყუნებელი მტკიცებულებები და ნაფიც მსაჯულებს გამამართლებელი ვერდიქტი გამოაქვთ ნებისმიერი ქვეყნისთვის (სადაც ნაფიცთა ინსტიტუტი არსებობს) მტკინვეული თემაა. ეს ის ძირითადი პრობლემაა, რომელიც ყველაზე მეტად უსვამს ხაზს ამ ინსტიტუტის ნაკლოვანებას. სამწუხაროდ, ნულიფიკაციის მაგალითები საერთო სამართლის ქვეყნების ისტორიაში მრავლადაა. მაგალითად: 1997 წელს აშშ-ში ქმრის მკვლელობაში ეჭვმიტანილ აირის პაინი გაამართლეს მიუხედავად მისი ბრალეულობის უეჭველი მტკიცებულებებისა. ძირითადად ქალებისგან შემდგარმა ჟიურიმ ჩათვალა, რომ მას ტირანი ქმრისგან განთავისუფლების სხვა საშუალება არ ჰქონდა[6].

დიახ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო არ გახლავთ იდეალური ინსტიტუტი, ისევე როგორც სხვა ყველა სოციალური ინსტიტუტი, ისინიც უშვებენ შეცდომებს, მაგრამ ასეთი მკვეთრად გამოხატული საქმეები ხომ ძალიან იშვიათია, თან მსგავსი ფაქტები ისტორიაში იწერება და ცხადყოფს, თუ როგორი არ უნდა იყოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და როგორი შეცდომები არ უნდა დაუშვან მათ. ამასთან, შეცდომისა თუ გადაცდომის შემთხვევებისგან დაზღვეული არც მაშინ ვართ, თუკი მას პროფესიონალი მოსამართლე განიხილავს. ეს ბუნებრივი მოვლენაა, რომელმაც ნებისმიერი მექანიზმის არსებობის პირობებში შეიძლება იჩინოს თავი.

რესურსები– ყველასათვის ნათელია, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ხარჯიანი და დროში გაწელილი პროცესია.  მაგრამ ისმის კითხვა: სამართლიანი იქნება თუ არა დროისა და ფულის ეკონომიის ხარჯზე გაუქმდეს ინსტიტუტი და ერთი მხრივ ამით ადამიანს წაერთვას შესაძლებლობა, განახორციელოს სამართლიანი სასამართლოს უფლება ამ ფორმით , მეორე მხრივ კი მოქალაქეებს წაერთვათ უფლება თავადაც მიიღონ მონაწილეობა მართლმსაჯულებაში?! ვფქირობ, საქართველოსნაირი ქვეყნებისთვისაც, რომლებსაც ეკონომიკურად არ ,,ულხინთ“, ეს მაინც არ არის ის მყარი არგუმენტი, რის გამოც შეიძლება უარი ითქვას ნაფიც მსაჯულთა სასამართლზე. ადამიანები, რომლებიც ეკონომიის ხარჯზე ინსტიტუტის გაუქმების მომხრენი არიან, ავიწყდებათ ერთი გარემოება: სისხლის სამართლის საქმეებში მტკიცებულებების შეგროვება, მათი გამოკვლევა, ანალიზების ჩატარება იმდენად ხარჯიანი შეიძლება იყოს, რომ მასთან შედარებით ნაფიც მსაჯულებზე გაღებული ხარჯი უმნიშვნელო აღმოჩნდეს. რაც შეეხება დროის ფაქტორს, მართლმსაჯულებაში სამართლის/მართლმსაჯულების აღსრულება (და საქმეზე სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება) პირველხარისხოვანია, სხვა დანარჩენი კი უკანა პლანზე იწევს.

მედიის ზეგავლენა ვერდიქტზე- როგორც წესი კონკრეტულ საქმეზე ნაფიც მსაჯულებს სხდომის დაწყებამდე არანაირი ინფორმაცია არ აქვთ, ეს ხდება იმისათვის, რომ მათ გადაწყვეტილება მიიღონ მხოლოდ სხდომაზე მოსმენილ და დანახულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, თუმცა ისინი ყოველთვის არ არიან დაცული გარეშე ზემოქმედებისგან. მედია, რომელიც საზოგადოებრივი აზრის მართვის ყველაზე ძლიერი იარაღია, ხშირად  გავლენას ახდენს ნაფიც მსაჯულებზეც. მედიაში შეიძლება გამხაურებულ საქმესთან დაკავშრებით ისეთი ინფორმაცია  გამჟღავნდეს, რომელიც პირდაპირ იმოქმედებს მსაჯულთა საბოლოო გადაწყვეტილებაზე. მედიაში  საქმესთან დაკავშირებით შექმნილ განწყობას არაერთხელ უმოქმედია ნაფიცებზე. ასეთი გახმაურებული საქმე იყო ,,შეპარდი მაქსველის წინააღმდეგ“,[7] 1954 წელს დააკავეს  ცნობილი ექიმი სემ შეპარდი, რომელსაც ბრალად ედებოდა ორსული მეუღლის მოკვლა. იგი ამტკიცებდა, რომ შუაღამისას მათ თავს დაესხა უცნობი მამაკაცი, რომელმაც მოკლა მისი მეუღლე. ამ საქმეს აქტიურად აშუქებდა მედია, რომელიც აშკარად ნეგატიურად იყო განწყობილი შეპარდის მიმართ. განწყობა ნაფიცებსაც გადაედოთ და შეპარდი დამნაშავედ სცნეს, მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. შეპარდმა განაჩენი გაასაჩივრა იმის მტკიცებით, რომ პროცესში სამართლიანობის დარღვევას ჰქონდა ადგილი. საბოლოოდ მას ათწლიანი პატიმრობა შეუფარდეს. მსგავს შემთხვევებში გამოხატვის თავისუფლება და სამართლიანი სასამართლოს უფლება პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებასთან ერთად (რომლებიც ადამიანის ძირითად უფლებებს განეკუთვნება) გარკვეულწილად ერთმანეთს უპირისპირდება და ცხადია რთულია ცალსახად რომელიმეს დაუჭირო მხარი.

გასათვალისწინებელია, რომ ზემოაღნიშნული საფრთხეები არ გამოირიცხება არც მაშინ, როდესაც საქმეს მსაჯულების ნაცვლად მოსამართლე იხილავს. მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეს გააჩნია პროფესიული ვალდებულება, საქმეზე გადაწყვეტილება შინაგანი რწმენის საფუძველზე, ყოველგვარი გარეგანი ზეგავლენის გარეშე მიიღოს, მედიით შექმნილმა განწყობებმა შესაძლოა მასზე მაინც მოახდინოს გავლენა. მეტიც, ჩემი თვალთახედვით ის უფრო დაუჯერებელია, რომ საზოგადოებრივმა განწყობებმა თორმეტივე მსაჯულს შეუცვალოს წარმოდგენა რაიმე საკითხზე, ვიდრე ერთ ადამიანს.

საბოლოო ჯამში, მიუხედავად ზემოთაღნიშნული სირთულეებისა, როგორც დავინახე, არც ერთი მათგანი არ არის გადაუჭრელი და მითუმეტეს ისეთი მტკიცე, რომ დაგვარწმუნოს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის არასაჭიროებაში. ამ არამყარი არგუმენტების საპირისპიროდ დგას საკითხები, ინსტიტუტის ის პლუსები, რომელზეც თითქმის არ დაობენ მათივე აშკარა უპირატესობის გამო:

წარმომადგენლობითი ხასიათი-დღეს, განსხვავებით შუასაუკუნეებისგან, როცა არჩევა კონკრეტული ნიშნით ხდებოდა, ნაფიცი მსაჯულები საზოგადოების ყველა ფენას, საზოგადოების უფრო ფართო წრის ინტერესებს წარმოადგენენ. გარდა ამისა, ქვეყანაში, სადაც სასამართლო ხელისუფლებისადმი ნდობა არ არის მაღალი,  საზოგადოებას ისევ ,,თავისიანების“ -ჩვეულებრივი მოქალაქეების უფრო სჯერა. ამიტომ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო აუცილებელია, რათა ერთი მხრივ მან დააბალანსოს მოქალაქეებისა და სასამართლო ხელისუფლების ურთიერთობა, მეორე მხრივ კი არ მისცეს საშუალება სასამართლო ხელისუფლებას, იმართებოდეს ხელისუფლების სხვა შტოების მიერ.

ვერდიქტი- ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებაზე, დამნაშავეა თუ არა ბრალდებული, ზოგჯერ ადამიანური ფაქტორი მოქმედებს. მოსამართლისგან განსხვავებით, რომელიც ვალდებულია კანონის შესაბამისად იმოქმედოს (და ამით ის უფრო შებოჭილია), ნაფიცი მსაჯულები თავიანთი გამოცდილებით თუ სამართლიანობის თავისეული გაგების შესაბამისად იღებენ გადაწყვეტილებას. ისინი გაცილებით თავისუფლები არიან მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ტრადიციული ნაფიც მსაჯულთა სასამართლოები ვერდიქტის დასაბუთებას არ ახდენენ. კიდევ ერთი დეტალი, რომელზეც ყურადღების გამახვილება აუცილებელია, არის თითოეული მსაჯულის როლი საბოლოო გადაწყვეტილებაზე. ფაქტი, რომ თითოეული მათგანის  აზრი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველაზე კარგად გამოხატულია  1957 წელს გადაღებულ ფილმში ,,12 განრისხებული მამაკაცი“. ფილმში მოთხრობილია 12 ნაფიცი მსაჯულის ისტორია, რომლებსაც ევალებათ გაარკვიონ დამნაშავეა თუ არა 18 წლის მოზარდი საკუთარი მამის მკვლელობაში. მსაჯულებმა ერთსულოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და იმ შემთხვევაში, თუ ისინი დამნაშავედ ცნობენ ბიჭს, იგი სიკვდილით დაისჯება. მთელი ფილმი არის იმაზე, როგორ არწმუნებს მე-8 მსაჯული ყველა დანარჩენს იმაში, რომ ისინი შეიძლება ცდებოდნენ და ბიჭი შესაძლოა უდანაშაულო იყოს.ფილმში არა ერთ სოციალურ, ადამიანურ ფაქტორზეა ყურადღება გამახვილებული. ფილმი აჩვენებს, რომ არა ერთი ადამიანის განსხვავებული აზრი და ამ აზრის დაფიქსირების გამბედაობა, უმრავლესობის გულგრილობამ შესაძლოა გამოიღოს ფატალური შედეგი, რომელიც მხოლოდ ზედაპირულ ფაქტებზე დაყრდნობით არის განპირობებული.

ცნობიერების ამაღლება- დარწმუნებული ვარ ადამიანები, რომლებიც ერთხელ მაინც ყოფილან ნაფიცი მსაჯულები და ერთხელ მაინც უტარებიათ ეს პასუხისმგებლობა, ახლა უფრო კარგად ესმით მართლმასჯულების სირთულე… ერთი მხრივ, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ხელს უწყობს არჩეული მსაჯულების მიერ თავიანთი მოქალაქეობრივი ვალდებულებების უკეთ გაცნობიერებას, რომ მათ ხელშია თავიანთი თანამოქალაქის ბედი, ეს კი უზრდით მათ პასუხისმგებლობის გრძნობას. მეორე მხრივ, კი სხვა მოქალაქეებზეც ახდენს გავლენას, ვინაიდან ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მთავარი არსი ის არის, რომ თავად საზოგადოებამ განსაჯოს თავისივე თანასაწორი და მიიღოს მონაწილეობა მართლმსაჯულებაში, საზოგადოებას უბიძგებს, უფრო პასუხიმგებლობით მოეკიდონ მართლმსაჯულების საკითხს, გარდა ამისა, თავადვე ინსტიტუტი აკისრებს საზოგადოებას ვალდებულებას, რომ დაიცვან ინსტიტუტი, რადგანაც ნაფიცთა სასამართლო პირველ რიგში საზოგადოების მმართველობაში ჩართვას უსვამს ხაზს.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო გამოძახილია დემოკრატიისა. შეიძლება საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა თქვას, რომ დემოკრატიისთვის არ არის აუცილებელი ამ ინსიტუტის არსებობა, რომ ის არ არის აუცილებელი მახასიათებელი დემოკრატიისა, თუმცა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ის არის, რაც უკვე საუკუნეებია ხელს უწყობს დემოკრატიის განმტკიცებას, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი მოსახლეობაში ზრდის სამართლიანობის განცდას, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ხელს უშლის მოსამარათლეების მიერ მათი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. დიახ, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი უნდა არსებობდეს, რადგან ის არის საზოგადოების სახე, დემოკრატიას კი სწორედ ეს საზოგადოება ქმნის.

[1] < კუსიანი ე. „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო – დემოკრატიის იდეალი? „  2011, #10  , http://www.library.court.ge/upload/29962012-09-26.pdf

[2] <https://www.wvaj.org/index.cfm?pg=HistoryTrialbyJury> [უკანასკნელად ნანახია 10.09.2017]

[3] <“Democracy is government, by and for people“ <http://izquotes.com/quote/384402> [უკანასკნელად ნანახია 10.09.2017]

[4] <http://www.msajuli.ge/index.php?m=795> [უკანასკნელად ნანახია 10.09.2017]

[5] <საქართველოს უზენაესი სასამართლო, „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო – წარმოშობისა და განვითარების ისტორია“ ,თბილისი2012, #28 <http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/12msajuli.pdf > [უკანასკნელად ნანახია 10.09.2017]

[6]<რეხვიაშვილი თ. „ანალიტიკური მიმოხილვა – ნაფიც მსაჯულთა სასამართლო“  2010, # 14 http://www.library.court.ge/upload/nafic_msajulTa_sasamarTlo.pdf > [უკანასკნელად ნანახია 10.09.2017]

[7] <http://www.clevelandmemory.org/legallandmarks/sheppard/index.html > [უკანასკნელად ნანახია 10.09.2017]

კომენტარები

სიახლეებისთვის მოიწონეთ ჩვენი გვერდი